დღეს დილიდან Facebook-ში რამდენჯერმე შემხვდა “სქრინები” MagtiCom-ს მომხმარებლებისგან, რომლებსაც აწუხებდათ ერთი კითხვა: “სტატუს ბარში “VoLTE” დაეწერა და რას ნიშნავს?” MagtiCom-ის წარმომადგენელთან საუბრის შემდეგ, გაირკვა, რომ VoLTE ამჟამად სატესტო რეჟიმშია და სავარაუდოდ ძალიან მალე გვექნება მისი დატესტვის შესაძლებლობა.
რა არის VoLTE?
ტერმინი VoLTE იშიფრება როგორც Voice over LTE. მისი საშუალებით, ზარების განხორციელება 4G ქსელით შეგვეძლება (ამჟამად ძირითადად 2G გამოიყენება). როგორც უკვე მიხვდით, 4G ქსელი მხოლოდ ვიდეოების საყურებლად ან სოციალური ქსელების დასათვალიერებლად არ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ VoLTE-ს მხარდაჭერა ცალკეულ ოპერატორებზეა დამოკიდებული. ამჟამად, VoLTE-ს თავსებადობა მხოლოდ MagtiCom-ს აქვს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ადრე თუ გვიან მას სხვა ადგილობრივი ოპერატორებიც მიიღებენ.
რატომ უნდა გამოვიყენო VoLTE?
ალბათ უკვე ყველამ გაიგეთ, თუ რა არის VoLTE, ახლა კი შევეცდები მისი დადებითი მხარეები აღვწერო.
-
უკეთესი ხარისხის ხმა
VoLTE გახლავთ HD (High Quality/მაღალი ხარისხის) ზარების განსახორციელებელი სერვისი. ამგვარად, VoLTE-ს გამოყენებისას ბევრად უფრო მკაფიოდ გაიგებს როგორც მეორე მხარეს მყოფი პიროვნების საუბარს, აგრეთვე მისი ხმის ტონალობასაც. 4G ქსელს 3G და 2G ქსელებზე, შესაბამისად, სამჯერ და ექვსჯერ მეტი ინფორმაციის გადაცემა შეუძლია, რაც შემდგომში მის ხარისხზე აისახება.
-
გაუმჯობესებული დაფარვის ზონა
2G და 3G ქსელებთან შედარებით, VoLTE-ს ზარების დაკავშირება ორჯერ უფრო სწრაფად შეუძლია. აგრეთვე შეგვეძლება ზარების განხორციელება იმ ადგილებიდანაც კი, რომლებშიც 4G ქსელი არაა ხელმისაწვდომი და მხოლოდ 2G/3G მოიპოვება. ეს ყველაფერი ბევრად უფრო გაუმჯობესებულ დაფარვის ზონაზე მეტყველებს.
800 მეგაჰერციანი სიხშირის წყალობით კი VoLTE-ს ისეთ ადგილებში შეღწევა შეუძლია, როგორებშიც 2G/3G ვერ აღწევენ. მაგალითად, ჩემს საძინებელ ოთახში, თუმცა ეს ალბათ უფრო ოპერატორს უნდა დავაბრალო. რა საკვირველია, 2G და 3G ზარების გამოყენება კვლავ შეგვეძლება, თუმცა ისინი სულაც აღარ იქნება საჭირო. მათი არსებობა მხოლოდ VoLTE-ს ფუნქციონალის გაუმჯობესებისთვის გამოიყენება.
-
ბატარეის უკეთესი ხანგრძლივობა
როგორც უკვე აღვნიშნე, აქამდე საქართველოდან VoLTE-თი ზარების განხორციელება შეუძლებელი იყო. ამის გამო, აი რა ხდებოდა, როცა ჩვენ 4G ქსელს ვიყენებდით და უცებ ვიღაც ნომერზე გვირეკავდა: ტელეფონი იწყებდა ახალი 2G სიხშირის ძებნას და უკავშირდებოდა მას. ზარის დასრულების შემდეგ ტელეფონი ახლა უკვე ისევ 4G ქსელის სიხშირეს ეძებდა და მას უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი წამებში ხდებოდა, მას მაინც საკმაოდ დიდი დარტყმა ჰქონდა ბატარეის ხანგრძლივობაზე.
-
ვიდეო ზარების მხარდაჭერა
VoLTE-ს საშუალებით აგრეთვე შესაძლებელია ვიდეო ზარების განხორციელება ყველანაირი აპლიკაციის გარეშე, პირდაპირ მობილურის ნომრიდან. ყველასთვის ცნობილი Skype-იც მსგავს, VoIP სისტემას იყენებს. ასე რომ, VoLTE-ს საშუალებით შეგვეძლება Skype-ის (და სხვა მსგავსი აპლიკაციების გარეშე) ვიდეო ზარების განხორციელება, თან ისე, რომ მაქსიმალურად დავზოგავთ როგორც ინტერენტს, ასევე ბატარეას.
ასევე შესაძლებელია RCS-ის (Rich Communication Services) უნიკალური ფუნქციების გამოყენება, თუმცა, ესეც ოპერატორზეა დამოკიდებული.
როგორ გამოვიყენო VoLTE?
როგორც უკვე აღვნიშნე, Magticom-ის წარმომადგენლის განცხადებით, VoLTE ჯერ სატესტო რეჟიმშია. აგრეთვე უცნობია როდის დაამატებენ სხვა ოპერატორები მის მხარდაჭერას. ასე რომ, დაელოდეთ Magticom-ის განცხადებას უახლოეს მომავალში. დარწმუნებული ვართ, ისინი მოახერხებენ თქვენს დაკვალიანებას სერვისის გამოყენების შესახებ.