Google-ის ყოველწლიური ღონისძიების დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა. ღონისძიების მთავარი მოვლენის, Keynote-ის დაწყებამდე სულ რაღაც 3 საათი გვაშორებს. პრეზენტაციაზე ვიხილავთ დეტალებს Android-ის უახლესი ვერსიის შესახებ. აგრეთვე მივიღებთ Android P-ს პირველ ბეტა ანაწყობს, რომელიც წესით და რიგით ალფასთან შედარებით ბევრად უფრო დახვეწილი უნდა იყოს როგორც სტაბილურობის, ასევე ფუნქციონალის მხრივ. დიდი ალბათობით წარდგენილი იქნება რამდენიმე ახალი მოწყობილობაც.
რა საკვირველია, პრეზენტაციის ყურება კალიფორნიაში წასვლის გარეშე, საქართველოდანაც შეგეძლებათ. Google Developers Group-ის ქართულ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, Google ინფო პრეზენტაციას Impact HUB-ში გამართავს, რომელიც ტერიტორიულად მარჯანიშვილზე, ეგნატე ნინოშვილის 8-ში მდებარეობს. დარბაზის კარი 20:30-ზე გაიღება და ნებისმიერ თქვენგანს შეეძლება, პრეზენტაციას დიდ ეკრანზე უყუროს სხვა ბევრ გიკთან ერთად. აგრეთვე გვექნება პატარა გათამაშებებიც. პირველ რიგში, გამოვლინდება Chromecast-ის გათამაშების გამარჯვებული. ამასთანავე გავათამაშებთ ერთ ცალ Coral-ის ფერ (გინფოს სტილში :3) Daydream View-ს.
თუ ამ წვიმიან ამინდში თქვენი თბილი საწოლის დატოვება არ გსურთ, შეგიძლიათ ამავე პოსტში უყუროთ პრეზენტაციას პირდაპირ ეთერში. თუმცა, რაღა გასაკვირია, გირჩევთ გვესტუმროთ Impact HUB-ში და ერთად გავიზიაროთ Google-ის ხედვა Android-ის მომავლის შესახებ.