Google-ი მწარმოებლებს ახალ რეგულაციებს უწესებს

რა არის Android საოპერაციო სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა? უი, ეს ხომ ფრაგმენტაციაა… კარგით, მეორე ადგილზე რომელია? რაღა თქმა უნდა უსაფრთხოება. როგორც უკვე იცით, თავისი ღია კოდის და გახსნილი ბუნების გამო ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი საოპერაციო სისტემა ხშირად სერიოზულ შარში ეხვევა. სმარტფონებში პერიოდულად ჩნდება ხოლმე ახალი მოწყვლადობები, რომლებიც მომხმარებლების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს.

როგორც ჩანს, ამ პრობლემის შესახებ Google-მაც იცის და უკვე დიდი ხანია, რაც მის გამოსწორებაზე მუშაობს. Google I/O 2018-ზე Android-ის უსაფრთხოების დირექტორმა, დეივ კლეიდერმაქერმა განაცხადა, რომ Google-მა სმარტფონების მწარმოებლებს რეგულაციები დაუწესა.

ჩვენ ვიმუშავეთ სმარტფონების მწარმოებლებთან ხელშეკრულების დადებაზე, რომელიც მათ უსაფრთხოების განახლებების რეგულარულად გამოშვებას ავალდებულებს. აღნიშნული სიახლე გამოიწვევს დაცული მოწყობილობებისა და შესაბამისად მომხმარებლების ზრდას.

თუ რას ნიშნავს “რეგულარულად გამოშვება”, ჯერ-ჯერობით უცნობია. დიდი ალბათობით, უსაფრთხოების განახლებების გამოშვება მაქსიმუმ ყოველ 90 დღეში იქნება სავალდებულო, ისევე როგორც Android Enterprise Recommended პროგრამაში. ველოდებით Google-ისგან დეტალურ ინფორმაციას.

წყარო: XDA Developers