ქართულ Play Store-ში ფასიანი აპლიკაციები გამოჩნდა

და აი, ეს დღეც დადგა! დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოვაქვეყნეთ სტატია ქართულ Play Store-ში ფასიანი აპლიკაციების გამოჩენის შესახებ. ამის შესახებ Google-ის ოფიციალური საიტი ირწმუნებოდა. დეტალების წასაკითხად შეგიძლიათ ეწვიოთ იგივე სტატიას, თუმცა გეტყვით, რომ მათი გამოჩენის ზუსტი თარიღი დღემდე არ იყო ცნობილი. ჩვენს Facebook გვერდზე ბევრ კითხვას ვღებულობდით ამის შესახებ, რადგან პირობის მიუხედავად, ქართულ მარკეტში მაინც მხოლოდ უფასო აპლიკაციები იყო. დღეს კი, როგორც იქნა, რამდენიმე ფასიანი აპლიკაციაც ვიხილეთ.

როგორც უკვე იცით, იმისთვის, რომ აპლიკაცია რომელიმე ქვეყნის მარკეტში გამოჩნდეს, მისმა დეველოპერმა Play Console-ში ამ ქვეყნის ადგილობრივ ვალუტაში ფასი უნდა გაწეროს. ამის გამო, მარკეტში ჯერჯერობით ჩანს მხოლოდ ის აპლიკაციები, რომლებმაც ბოლო პერიოდში მიიღეს განახლება. Play Console-ში $1-ის ნაგულისხმევი ფასი 3₾-ია, თუმცა მისი შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს. აპლიკაციის ფასის მითითების დროს იგი ავტომატურად აისახება ლარებშიც. შემდეგ დღეებში, დეველოპერების უმრავლესობა ქვეყნების სარჩევში საქართველოსაც მონიშნავს და მისთვის სასურველ ფასს მიუთითებს. დღევანდელი მდგომარეობით, იმის გათვალისწინებით რომ Play Store-ში აპლიკაციაზე ყველაზე ცოტა 2₾-იანი საფასურის დაწესებაა შესაძლებელი, დეველოპერები $1 = 2₾ კურსს იყენებენ.

გაურკვეველი მიზეზების გამო, ქართული ბარათით თანხის გადახდა ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, მსგავსი ცვლილება დროს საჭიროებს. დიდი ალბათობით, შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში ყველაფერი დალაგდება. Ginfo-ს ადმინისტრაცია მოუთმენლად ელოდება ქართველი დეველოპერების მიერ შექმნილ აპლიკაციებსა და თამაშებს. ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ სახელის მოხვეჭასა და მომხმარებლების დაგროვებაში.