უკვე რამდენიმე წელია, რაც ღრუბლოვან საცავს (ე.წ. ქლაუდს) უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ერთ დროს იგი უბრალოდ ინფორმაციის შესანახაად და ვებგვერდების განსათავსებლად გამოიყენებოდა, დღეს ქლაუდს ტექნოლოგიური ინდუსტრიის თითქმის ყველა განშტოების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად ვხედავთ. ინფორმაციის შენახვის ინოვაციური მეთოდი ნელ-ნელა თამაშების ინდუსტრიასაც გადაწვდა. გუგლმა გუშინდელ GDC 2019 ღონისძიებაზე თამაშების სტრიმინგის ინოვაციური სერვისი, Stadia წარადგინა. კონკურენტებისგან მას პოპულარულ სერვისებთან მჭიდრო ინტეგრაცია და აპარატურის მოწინავე მახასიათებლები განასხვავებს.
რა არის Stadia?
Google Stadia არის თამაშების სტრიმინგის პლატფორმა, რომელიც ვირტუალურად ყველა მოწყობილობაზე მუშაობს. მისი საშუალებით თქვენ შეგეძლებათ ითამაშოთ როგორც ტელეფონზე, ასევე პლანშეტზე, ლეპტოპზე, პერსონალურ კომპიუტერზე ან თუნდაც ტელევიზორზე. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ თქვენ სულაც არ გჭირდებათ ძლიერი აპარატურა და ბოლო დონის სისტემური მახასიათებლები, რადგან ეს ყველაფერი ქლაუდიდან მოდის.
https://www.youtube.com/watch?v=HikAuH40fHc
ქლაუდის ინფრასტრუქტურა და, ზოგადად, ღრუბლოვანი საცავის ბუნება საშუალებას გაძლევთ, ეთამაშოთ თქვენს მეგობრებს ნებისმიერი ადგილიდან. აღსანიშნავია მჭიდრო ინტეგრაცია YouTube-თან. თამაშის თრეილერის ხილვის შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ ერთი დაჭერით დაიწყოთ მისი თამაში, ყველანაირი გადმოწერისა და დაყოვნების გარეშე. ასევე შეგეძლებათ ჩადგეთ რიგში და შეუერთდეთ თქვენს საყვარელ გეიმერსა თუ იუთუბერს. თამაშში გადაღებული ვიდეოს სრულ რეზოლუციაში ატვირთვას კი სულ რაღაც რამდენიმე წამი სჭირდება.
გუგლის 7500-ზე მეტი დატა ცენტრი დაყოვნებისა და ხარვეზების მინიმალურ კოეფიციენტს უზრუნველყოფს. დატა ცენტრებში მოთავსებული აპარატურის სისტემური მახასიათებლები მოცემულია ფოტოზე. გუგლისთვის ვიდეო ბარათის დამზადებაზე კომპანია AMD-მ იზრუნა. გუგლის განცხადებით, აღნიშნულ ვიდეო ბარათს 10.7 ტერაფლოპი აქვს, რაც PS4 Pro-სა (4.2) და Xbox One X-ის (6.0) მაჩვენებლებზე ბევრად მეტია. აღნიშნული მახასაითებლები მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ითამაშონ ნებისმიერი თამაში 4K გარჩევადობაში, 60 კადრით წამში.
სათამაშო მოთხოვნილებები
როგორც უკვე აღვნიშნე, Stadia-ს გამოყენება ნებისმიერ მოწყობილობაზე შეგეძლებათ, თუმცა მას მაინც გააჩნია საკუთარი მოთხოვნები. მაგალითისთვის, ლეპტოპზე, პერსონალურ კომპიუტერსა და ქრომბუქზე Stadia-ს გამოსაყენებლად გუგლ ქრომის ბრაუზერი დაგჭირდებათ. თუ თამაში ტელევიზორზე მოგინდებათ, ამ შემთხვევაში Chromecast Ultra მოწყობილობა დაგეხმარებათ, რომელიც ოფიციალურად სულ რაღაც $69 ღირს. სწორედ მისი საშუალებითაა შესაძლებელი 4K გარჩევადობის კადრის გადმოტანა ქლაუდიდან/ინტერნეტიდან ეკრანზე. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის დამატებები დასჭირდება მობილურ ტელეფონებს. ჩემი პირადი ვარაუდით, გუგლი Stadia-ს სპეციალურ აპლიკაციას გამოუშვებს. დამეთანხმებით, სმარტფონზე ბრაუზერის გახსნა და თამაში არც თუ ისე კომფორტულია. თუმცა, ტელეფონით თამაშისას, ალბათ, Stadia Controller-ის გამოყენება ბევრად უკეთესი იქნება.
Stadia Controller
სტრიმინგ პლატფორმასთან ერთად, გუგლმა მისი თანმხლები კონტროლერიც წარმოგვიდგინა. Stadia Controller-ი ყველა ტიპის მოწყობილობასთანაა თავსებადი და მისი მიზანი თამაშის გამოცდილების დახვეწაა. სტანდარტული ღილაკებისა და ჯოისტიკების გარდა, კონტროლერზე შეხვდებით გუგლის ასისტენტისა და კადრის ამოჭრის ღილაკებსაც. გუგლის ინფორმაციით, კონტროლერი მოწყობილობებს ბლუთუზით არ უკავშირდება. ამის მაგივრად, იგი კავშირს ამყარებს უშუალოდ ქლაუდთან, რაც დაყოვნებას კიდევ უფრო ანელებს. Stadia Controller-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია.
ხელმისაწვდომობა
სამწუხაროდ, Stadia-ს დღესვე გამოყენება შეუძლებელია. გუგლის ინფორმაციით, პლატფორმა 2019 წლის ბოლომდე იქნება წარდგენილი. მის შესახებ უფრო ზუსტ ინფორმაციას, დიდი ალბათობით მაისის Google I/O 2019-ზე მოვისმენთ. პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება ამერიკაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობაში. სამწუხაროდ ჯერ არ ვიცით, შეგვეძლება თუ არა Stadia-თი სარგებლობა საქართველოში. აგრეთვე უცნობია სერვისის ფასი.