როგორც უკვე იცით, ახალ Android N-ში სწრაფი პარამეტრების ინტერფეისიც შეცვლილია. მისი ჩამოშლისას ახლა ჩვენ დავინახავთ ერთ ხაზზე ჩამწკრივებულ გადამრთველებს, რომელთა გასააქტიურებლადაც მხოლოდ ერთხელ დაჭერაა საკმარისი. Android Marshmallow-სგან განსხვავებით, აქ ჩვენ აღარ დაგვჭირდება პანელის ორჯერ ჩამოსრიალება.
პატარა ხატულებში შედის Wi-Fi-ს, მობილური ინტერნეტის, ბატარიის, “არ შემაწუხო” რეჟიმისა და ფანრის გადამრთველები. მათი გადანაცვლება/ამოშლა/ჩამატება საკმაოდ ადვილია – იხილეთ ვიდეო. Wi-Fi-ს, მობილური ინტერნეტისა და ფანრის გასააქტიურებლად, საჭიროა მათზე მხოლოდ ერთხელ დაჭერა. ბატერეისა და “არ შემაწუხო” რეჟიმზე დაჭერის შედეგად კი თქვენ უფრო დიდ ფანჯარას იხილავთ. ხატულებზე დიდ ხნიანი დაჭერის შედეგად კი თქვენ გადამისამართდებით მოცემული ოფციის პარამეტრებში.
ისრის ხატულაზე დაჭერით კი თქვენ იხილავთ ნაცნობ სწრაფ პარამეტრების ინტერფეისს უფრო დიდი ხატულებით, სახელებით, პაგინაციითა და სიკაშკაშის კონტროლით. Marshmallow-ში Wi-Fi-სა და Bluetooth-ის ხატულების დაბლა ისრის ხატულა იყო, რისი საშუალებითაც მათი დამატებითი ფუნქციების ნახვა შეგეძლოთ. ახლა კი ეს უშუალოდ პარამეტრის ხატულაზე დაჭერით შეგვიძლია. ასევე პანელში დამატებულია Android Beta-ს ხატულაც Preview ანაწყობებისთვის, რომლიდანაც უკუკავშირია შესაძლებელი.
თუმცა, Android N-ის ერთ-ერთი ყველაზე მაგარ ფუნქციას ღილაკი Edit ასრულებს, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია გადავაადგილოთ, წავშალოთ და ჩავამატოთ ხატულები სწრაფ პარამეტრებში. მათი გადანაწილება შესაძლებელია ორ გვერდზე. ასევე, პირველი ხუთი ხატულა ავტომატურად განთავსდება მინი მენიუში.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწრაფი პარამეტრების ინტერფეისი დასრულებულია. იგი წინა ვერსიებისგან განსხვავებით ბევრად უფრო დახვეწილი და ფუნქციურია. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის Android N-ის პირველი ანაწყობი, ამიტომ ფინალურ ვერსიამდე შეიძლება ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიცვალოს.