Google-ი Chrome-ის აპლიკაციების მხარდაჭერას წყვეტს

როგორც უკვე იცით, Chrome-ში ამ ბოლო დროს სულ ახალ-ახალი ფუნქციები ემატება. ახლა კი, Google-მა გადაწყვიტა, ბრაუზერის ერთ-ეღთი ფუნქცია წაშალოს, კონკრეტულად კი Chrome-ის აპლიკაციები, რომლებიც Chrome Web Store-ში იყო ხელმისაწვდომი. თუ აღნიშნული მარკეტი არასოდეს გამოგიყენებია, მაშინ გეტყვით, რომ იქ განთავსებული “აპლიკაციების” უმრავლესობა ჩვეულებრივი ვებსაიტებია.

Google-მა ბლოგზე გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც “Windows, Mac-ისა და Linux-ის დაახლოებით 1% აქტიურად იყენებს Chrome-ის აპლიკაციებს.” ასე რომ, მისი წაშლა არც ისე მოულოდნელი იყო. გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციების მხარდაჭერა შეწყდება მხოლოდ Windows, Mac და Linux პლატფორმებზე; Chrome OS-ზე მათი მხარდაჭერა გაგრძელდება.

ბლოგზე Google-მა აგრეთვე გამოაქვეყნა თარიღები:

  • გვიანი 2016: Chrome-ის ახალი აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Chrome OS-ზე, სხვა პლატფორმებზე შესაძლებელი იქნება არსებული აპლიკაციების გამოყენება.
  • 2017 წლის მეორე ნახევარი: Chrome Web Store-ში საერთოდ აღარ გამოჩნდება აპლიკაციები.
  • ადრეული 2018: Windows/Mac/Linux პლატფორმებზე შეუძლებელი იქნება Chrome-ის აპლიკაციების გაშვება.

წყარო: Chromium Blog