შარშან, როდესაც Android M-ის დეველოპერული ანაწყობები გავრცელდა, სისტემაში დაემატა ღამის რეჟიმი, რომელიც ალბათ ყველას მოეწონა. ბოლოს და ბოლოს, სიბნელეში თეთრი ინტერფეისის ყურება თვალებს ღლის და იწვევს უძილობას. სამწუხაროდ, აღნიშნული ფუნქცია ფინალურ ანაწყობამდე წაიშალა, თუმცა Android N-ში ის ისევ ბრუნდება, თანაც უფრო ფუნქციონალური.
M-ის საცდელ ანაწყობში ღამის რეჟიმის მოძებნა დეველოპერის პარამეტრებში შეგეძლოთ, ახლა კი ის System UI Tuner-შია გადატანილი. მისი გააქტიურება ისევ იგივენაირადაა – ჩამოასრიალეთ სწრაფი პარამეტრების პანელი, რამდენიმე წამის განმავლობაში გეჭიროთ პარამეტრების ღილაკს. ამის შემდეგ თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით System UI Tuner-ში. აქედან კი უნდა გადახვიდეთ Color and appearance > Night Mode. აქ იპოვით ფუნქციის ჩამრთველს, ასევე შეგიძლიათ მონიშნოთ მისი ავტომატური გააქტიურებაც. ტელეფონი ღამის რეჟიმში ავტომატურად გადავა მაშინ, როდესაც თქვენს ამჟამინდელ ადგილსამყოფელში მზე ჩავა.
დანარჩენი ოფციები ხელმისაწვდომია “When Night Mode is on” სათაურის ქვეშ. აქედან თქვენ შეგიძლიათ გააქტიუროთ “Adjust tint” ფუნქცია, რომელიც ღამის რეჟიმის ჩართვის დროს თქვენს ტელეფონს ავტომატურად გადააკრავს წითელ ფილტრს, რომელიც ღამით თვალებს უფრო ამშვიდებს. ასევე ღამის რეჟიმის ოფციებში შეგიძლიათ გააქტიუროთ ავტომატური სიკაშკაშეც.
ამ ფუნქციების შესახებ კი ყველაზე კარგი ისაა, რომ თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ მათგან მხოლოდ რამდენიმე, რომლებიც გჭირდებათ. თუ თქვენ გჭირდებათ თეთრი ინტერფეისი მაგრამ წითელი ფილტრი, არაა პრობლემა. მუქი ინტერფეისი, უფილტრო ეკრანი და დაბალი სიკაშკაშე გსურთ? არც ესაა რთული. როგორც უკვე იცით, ეს მხოლოდ დეველოპერული ანაწყობია, თუმცა System UI Tuner-ში მისი ჩამატება ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ამ ფუნქციას ფინალურ ანაწყობშიც ვიხილავთ.