გასულ თვეს, Google-მა Android N-ის პირველი დეველოპერული ანაწყობი მოულოდნელად წარმოგვიდგინა, დღეს კი კომპანიამ Android N Developer Preview 2 გამოუშვა, ანაწყობის ნომრით NPC91K. ახალი ანაწყობი ხელმისაწვდომია ყველა იმ მოწყობილობაზე, რომლებზეც შესაძლებელია პირველი ანაწყობის დაყენება. ესენია: Nexus 6, Nexus 5X, Nexus 6P, Nexus 9, Pixel C და General Mobile 4G [Android One]. ახალ ვერსიაში გამოსწორდა ის პრობლემები, რომელიც პირველში აღინიშნებოდა.
Google-ის მიხედვით, ცვლილებების სრული სია ასე გამოიყურება:
- Vulkan: Vulkan არის ახალი 3D რენდერის API, რომელიც უზრუნველყოფს ნაკლები ენერგიის მოხმარებით უკეთესი შედეგის მიღებას სისწრაფეში. Vulkan-ის საშუალებით, პროცესორი ათჯერ უფრო მეტ დატვირთვას უძლებს, ვიდრე ეს OpenGL ES-ზე იყო. API-ს დიზაინი კი ხელს უწყობს მოწყობილობას ჭკვიანურად ამუშაოს რამდენიმე ბირთვი ერთროულად, რაც მოწყობილობის სისწრაფეზე ძალიან დადებითად იმოქმედებს. Android N Developer Preview 2-დან მოყოლებული, Vulkan-ი Android პლატფორმის ნაწილი იქნება.
- ეკრანის მალსახმობები: ამიერიდან, აპლიკაციებს შეეძლებათ ეკრანზე მალსახმობების გაკეთება, რისი საშუალებითაც მომხმარებლებს აპლიკაციის გარკვეულ ფუნქციაზე სწრაფი წვდომა ექნებათ. მაგალითად, მალსახმობის გამოყენებით შეგეძლებათ: სწრაფად გაუგზავნოთ შეტყობინება საუკეთესო მეგობარს, დაიწყოთ ნავიგაცია სახლის მიმართულებით, ჩართოთ სერიალის შემდეგი ეპიზოდი და ა.შ.
- Emoji Unicode 9 მხარდაჭერა: ახალი Emoji დიზაინები, რომლებიც წინებთან შედარებით ბევრად უკეთესად გამოიყურება. კლავიატურისა და სამესიჯო აპლიკაციების დეველოპერებს მათი აპლიკაციაში ინტერგრირება ადვილად შეეძლებათ. ახალი Emoji-ების ნახვა შესაძლებელია Paint.hasGlyph() ატრიბუტით.
- Multi-Window: დეველოპერებს უკვე შეეძლებათ აპლიკაციის კონკრეტული აქტივობისთვის მინიმალური სიგანე და სიმაღლე მიუთითონ. ასევე, ცოტათი შეიცვალა API-ს სახელები.
- API ცვლილებები: განახლება შეიცავს API-ს ცვლილებებსაც, რაც გამოიწვია multi-window, შეტყობინებებისა და სხვა ფუნქციების დახვეწის საჭიროებამ.
აღნიშნულ ანაწყობში ასევე გამოსწორდა რამდენიმე პრობლემა:
- დამალული SSID-ის მქონე Wi-Fi ქსელთან დაკავშირების პრობლემა
- ყველა აქტივობაზე მიკროფონზე წვდომის მოთხოვა
- სხვა ფანჯარაზე ფოკუსირების დროს YouTube ვიდეოს დაპაუზება
- Direct Reply-ს დროს გახსნილი აქტივობის გათიშვა
- სხვადასხვა სტაბილურობის პრობლემები.
ასევე უნდა გაითვალისწინოთ ის პრობლმები, რომლებიც ანაწყობს სპეციფიკურ მოდელებზე აქვს:
- Seed: მობილური ინტერნეტის სიჩქარე ეცემა ბარათებს შორის გადართვის დროს
- Ryu: ხმით ძიების “ყოველთვის ჩართვის” რეჟიმზე გადაყვანა შეუძლებელია
- Shamu: კამერით გადაღებული სურათები პორტრეტულ რეჟიმში დაზიანებულია, HDR+ ფოტოების გარდა
- Fugu: Netflix HD კონტენტის გაშვება Nexus Player-ზე შეუძლებელია; ნებისმიერმა აპლიკაციამ, რომელიც დამოკიდებულია დინამიურ ვიდეოს რეზოლუციაზე, შეიძლება არ იმუშაოს; ნებისმიერმა აპლიკაციამ, რომელიც იყენებს VP9 ვიდეო კოდეკს, შეიძლება არ იმუშაოს Nexus Player-ზე.
შეგახსენებთ, რომ OTA განახლების მიღება შესაძლებელია Android Beta პროგრამაში გაწევრიანებით. ასევე შეგიძლიათ ხელით დაფლეშოთ იმიჯები. ახალი იმიჯები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.