Android N ფუნქცია: გაუმჯობესებული ჩაშენებული File Manager

File Manager პირველად Marshmallow-ში გამოჩნდა. იგი საშუალებას გვაძლევს ვნახოთ, დავაკოპიროთ, გავაზიაროთ და გავხსნათ სასურველი ფაილი, რომლებზეც იქამდე მესამე მხარის აპლიკაციის გარეშე წვდომა არ გვქონდა. ეს ფუნქცია Android N-ში კიდევ უფრო იხვეწება და უფრო ფუნქციური ხდება.

იგი ისევ დამალულია შემდეგ ადგილას: Settings > Storage > Explore. მისი გახსნის შემდეგ, ჩვენ დავინახავთ იგივენაირ ინტერფეისს, როგორიც Marshmallow-ში, თუმცა ის ახლა უფრო სრულყოფილია.

მარცხენა მხარეს დაემატა “გამოსასრიალებელი” მენიუ, საიდანაც შეგიძლიათ იხილოთ მოწყობილობაში არსებული სურათები, ვიდეოები, აუდიო ფაილები, გადმოწერილი ფაილები, დოკუმენტები და ფაილები თქვენს Google Drive საცავში.

File Manager-ის განახლებულ ვერსიაში თქვენ უკვე შეგიძლიათ სახელი შეუცვალოთ ფაილს, ასევე გადაიტანოთ ის ერთი საქაღალდიდან მეორეში. როდესაც თქვენ ცარიელ საქაღალდეში შეხვალთ, აპლიკაცია გიჩვენებთ ცარიელი უჯრას.

როგორც ჩანს, Google-მა ძლივს ჩააშენა Android-ში მისაღები ფუნქციონალის მქონე File Manager. მომხმარებლებს აღარ დასჭირდებათ მარკეტიდან მესამე მხარის აპლიკაციის გადმოწერა ფაილებზე ელემენტარული ოპერაციების შესასრულებლად. თუმცა, ერთი რამ მაინც უცვლელია – აპლიკაცია პარამეტრებშია დამალული და ჩვეულებრივმა მომხმარებელმა შეიძლება არც კი იცოდეს მისი არსებობის შესახებ.