Android 9 Pie უკვე ოფიციალურად გამოვიდა. როგორც იცით, Pixel ხაზის ყველა მოწყობილობამ განახლება მომენტალურად მიიღო. თუმცა, სხვა კომპანიების სმარტფონების უმრავლესობა, როგორც ყოველთვის, აგვიანებს. ამ სტატიაში ნახავთ ყველა იმ სმარტფონის სიას, რომელმაც უკვე მიიღო ჩვენი საყვარელი საოპერაციო სისტემის ბოლო ვერსია, ან დადასტურებულია რომ მიიღებს. კომპანიებს კატეგორიების მიხედვით დავყოფ, რომ მათი მოძებნა ადვილი იყოს. მაშ ასე, დავიწყოთ.
როგორც უკვე აღვნიშნე, Pixel ხაზის ყველა სმარტფონმა მიიღო Android 9 Pie განახლება. ასე რომ, Google-ის თავსებადი მოწყობილობების სია ასე გამოიყურება:
- Pixel
- Pixel XL
- Pixel 2
- Pixel 2 XL
სამწუხაროდ, Nexus ხაზის სმარტფონებს უკვე შეუწყდათ სისტემური მხარდაჭერა, ასე რომ მათზე მნიშვნელოვან განახლებებს აღარ უნდა მოველოდოთ.
Essential
მოგეხსენებათ, რომ Essential Phone-ი კომპანიის ერთადერთი სმარტფონია. საბედნიეროდ, აღნიშნული მწარმოებელი მომხმარებლების გულს სწორედ სწრაფი განახლებებით იგებს. სწორედ ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ Essential PH-1-მა Android 9 განახლება მიიღო. მეტსაც გეტყვით: Pixel მოწყობილობებზე ოფიციალური განახლების გამოსვლის შემდეგ, კომპანიამ სულ რაღაც 12 წუთში გამოუშვა განახლება.
Nokia
Essential-ის მსგავსად, ბაზარზე ახლად დაბრუნებული Nokia-ც ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი კომპანიაა განახლებების მხრივ. HMD Global-ის სახელს შეკედლებული Nokia შეგვპირდა, რომ Android 9 Pie განახლებას მიიღებს მათ მიერ გამოშვებული ყველა ტელეფონი. შესაბამისად, სია ასე გამოიყურება:
- Nokia 1
- Nokia 2
- Nokia 2.1
- Nokia 3
- Nokia 3.1
- Nokia 5
- Nokia 5.1
- Nokia 6
- Nokia 6.1
- Nokia 7 Plus
- Nokia 8
- Nokia 8 Sirocco
ისეთი ბიუჯეტური და სუსტი მოდელები, როგორებიცაა Nokia 1, 2, 2.1, 3 და 3.1, მიიღებენ სისტემის Go ვერსიას, რომელიც სუსტი აპარატურისთვისაა ოპტიმიზირებული. აღსანიშნავია, რომ Nokia 7 Plus-ზე Android Pie-ს ბეტა ვერსიის დაყენება უკვე შესაძლებელია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის გაეშვება განახლებები.
OnePlus
ჩინურმა მწარმოებელმა საკუთარ მომხმარებელს სიურპრიზი მოუწყო და რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ Pie-ს OnePlus 3 და 3T-ც მიიღებენ. მოგეხსენებათ, კომპანიამ შარშან გარკვევით თქვა, რომ Oreo ამ სმარტფონებისთვის ბოლო განახლება იქნებოდა. თუმცა, ალბათ მიხვდნენ, რომ მათი ბრენდის რელევანტურობას სუფთა Android-ი და მისი სწრაფი განსაზღვრავს. შესაბამისად, იმ სმარტფონების სია, რომლებიც სისტემის მეცხრე ვერსიას მიიღებენ, ასე გამოიყურება:
- OnePlus 3
- OnePlus 3T
- OnePlus 5
- OnePlus 5T
- OnePlus 6
განახლების გავრცელების ზუსტი თარიღი OnePlus-ის მოწყობილობებისთვისაც უცნობია, თუმცა მათ დიდი ალბათობით წლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ.
Sony
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინტერნეტში დადიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ Sony-ს ძალიან ბევრი სმარტფონი განახლდებოდა Android-ის უახლეს ვერსიაზე. ამის მიზეზი კი ერთ-ერთი ავად სახსენებელი, არასანდო საიტის მიერ გამოქვეყნებული არაოფიციალური სია გახლდათ. თუმცა, მალევე Sony-მ ყველა მითი დაამსხვრია და ოფიციალური სია გამოაქვეყნა, რომელიც ასე გამოიყურება:
- Sony Xperia XZ1
- Sony Xperia XZ1 Compact
- Sony Xperia XZ Premium
- Sony Xperia XZ2
- Sony Xperia XZ2 Compact
- Sony Xperia XZ2 Premium
- Sony Xperia XA2
- Sony Xperia XA2 Ultra
- Sony Xperia XA2 Plus
საბედნიეროდ, მწარმოებელმა გამოაქვეყნა განახლების გაშვების თარიღებიც. სიაში არსებულ XZ ხაზის სმარტფონებზე განახლებას მიმდინარე წლის ნოემბრიდან უნდა ველოდოთ, XA ხაზის სმარტფონებზე კი 2019 წლის პირველი ნახევრიდან.
HTC
ოფიციალური სია Twitter-ზე HTC-მაც გამოაქვეყნა, თუმცა ის არც ისეთი დიდია, როგორიც ზემოთ აღნიშნული მწარმოებლების სიები. კომპანიამ დაადასტურა, რომ განახლებას სულ რაღაც ოთხი სმარტფონი მიიღებს, რომლებიცაა:
- HTC U11 life (Android One)
- HTC U11
- HTC U11+
- HTC U12+
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყებს კომპანია ამ სმარტფონების მომხმარებლებისთვის განახლების მიწოდებას.
Motorola
საკუთარ ბლოგზე სია Motorola-მაც გამოაქვეყნა. ტრადიციულად, კომპანიამ ყველა “ძველი” სმარტფონი დაივიწყა და განახლების გამოშვება მხოლოდ ახალ, ან შედარებით ძლიერი ფლაგმანებისთვის დაგეგმა. ეს სმარტფონებია:
- Moto G6
- Moto G6 Play
- Moto G6 Plus
- Moto X4
- Moto Z2 Play
- Moto Z2 Force
- Moto Z3
- Moto Z3 Play
დამეთანხმებით, სია არც თუ ისე პატარაა, თუმცა კარგი იქნებოდა, თუ მასში G სერიის მეხუთე თაობის წარმომადგენლებსაც ვიხილავდით. კომპანია განახლებების გამოშვებას შემოდგომაზე დაიწყებს.
Huawei
Huawei-ს ჯერ კიდევაც არ გამოუქვეყნებია იმ სმარტფონიების ოფიციალური სია, რომლებიც Android Pie-ს მიიღებენ. თუმცა, ცნობილია, რომ აღნიშნული საოპერაციო სისტემა უკვე იტესტება 4 ტელეფონზე, ესენია:
- Huawei Mate 10 Pro
- Huawei P20
- Honor 10
- Honor V10
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება აღნიშნულ სმარტფონებზე განახლების გავრცელება, თუმცა კომპანია დიდი ალბათობით მალევე შემოგვთავაზებს ოფიციალურ სიასა და განრიგს.
[განახლება] გუშინ გავრცელდა ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც Huawei Android 9-ზე დაფუძნებული EMUI 9-ის გამოშვებას სექტემბერში დაიწყებს, და მას პირველ რიგში P20 სერიის წარმომადგენლები მიიღებენ.
ჯერჯერობით სულ ეს იყო. თუ სიაში რომელიმე მწარმოებელს ვერ ხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებიათ ოფიციალური სია. გაითვალისწინეთ, რომ სტატია მუდმივი განახლების რეჟიმშია და როგორც კი რომელიმე კომპანია სიას გამოაქვეყნებს, მაშინვე განახლდება. თუ თვლით რომ რომელიმე მწარმოებელი/მოწყობილობა გამოგვრჩა, შეგიძლიათ კომენტარებში მიგვითითოთ.