გასულ თვეს, Android N Preview-ს გამოსვლასთან ერთად Android Studio 2.1-ის საცდელი ვერსიაც გამოვიდა. ამ ვერსიაში დამატებულია N Preview-ს SDK-ის მხარდაჭერა და ისეთი საჭირო ფუნქციების მხარდაჭერა, როგორებიცაა Java 8 და Jack compiler. ასევე განახლდა “ახალი პროექტის” ინსტრუქტორი და დაიხვეწა Android Emulator. გუშინ კი აღნიშნულმა ვერსიამ სტაბილურ წრეზე გადაინაცვლა და უკვე ყველა დეველოპერისათვის ხელმისაწვდომია.
განახლების და Jack compiler-ზე გადასვლის ყველაზე დადებითი მხარე, Android N API-ების გარდა, არის Lambda Expressions. ეს Java 8-ში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა და ის Android 2.3 Gingerbread-თანაც თავსებადია. დანარჩენი ფუნქციების უმრავლესობა Android N-ის (API 24) გარდა არცერთ ვერსიაზე არ იმუშავებს.
სამწუხაროდ, Instant Run ფუნქცია ჯერჯერობით არ მუშაობს Jack compiler-ზე. ამიტომ, თუ Android Studio 2.0-ში აღნიშნულ ფუნქციას იყენებდით, არ გადართოთ gradle სკრიპტები Jack-ზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ Instant Run არც ისეთი სწრაფი და სტაბილურია, როგორსაც Google გვპირდებოდა, ამიტომ მისი უკმარისობა დიდად არ დაგაკლდებათ.
თუ ზემოთ მოცემულ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, შენიშნავდით, რომ ბოლოში საიდუმლოებით მოცული ყუთი გამოჩნდა. ეს ყუთი ბოლოს 6 თვის წინ, Android Studio 1.5-ის გამოსვლის დროს ვიხილეთ. აღნიშნული ვერსიის გამოსვლას მოჰყვა ახალი Android ვერსია და დეველოპერული კონფერენცია… ამ შემთხვევაში Google I/O 2016. მის შემდეგ გამოვიდა Android Studio 2.0 რომელშიც ძალიან ბევრი ახალი ფუნქცია დაემატა. ასე რომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Google-ი I/O-ზე Android Studio-ს ახალ ვერსიას წარგვიდგენს.
მზად ხართ გასაახლებლად? მაშინ გახსენით Android Studio და შეამოწმეთ განახლებები. თუ თქვენ 1.5 ან უფრო ძველ ვერსიაზე ხართ, ახალი საინსტალაციო ფაილის გადმოწერა Android Tools გვერდიდან მოგიწევთ. როგორც ყოველთვის, თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად Android Studio-ს რამდენიმე ვერსია გქონდეთ დაყენებული.
Source: Android Developers Blog