Google-ი უკვე რამდენიმე წელია ცდილობს iMessage-ის ღირსეული კონკურენტის შექმნას. როგორც ჩანს, კომპანიას მიზნის მიღწევამდე არც თუ ისე დიდი გზა დარჩა გასავლელი. ჩაფლავებული Hangouts-ის, Allo-სა და სხვა რამდენიმე სამესიჯო საშუალების შემდეგ, როგორც იქნა, Google-ი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ახალი სამესიჯო აპლიკაცია გამოსავალი არაა.
აქედან გამომდინარე, კომპანიამ Chat-ის, RCS-ის (Rich Communication Services) გავრცელება დაიწყო. აღნიშნული პროტოკოლი მეტნაკლებად ჩაანაცვლებს დრომოჭმულ SMS-ს და საშუალებას მოგვცემს, უფრო კომფორტული და უნივერსალური სამესიჯო სერვისით ვისარგებლოთ.
RCS-ზე დაფუძნებული Chat-ი არ არის ახალი სამესიჯო აპლიკაცია. პირიქით, იგი არის Android Messages აპლიკაციაში ჩაშენებული ფუნქცია, რომელიც უნივერსალურად იმუშავებს ყველა მოწყობილობაზე.
Chat-ის გამოყენებით მიიღებთ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა წერისა და წაკითხვის ინდიკატორი, მაღალი ხარისხის ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნა, ჯგუფური დიალოგები და ა.შ.
გაითვალისწინეთ, რომ Chat-ის მხარდაჭერა ოპერატორებზეა დამოკიდებული. Google-მა 50-ზე მეტ ოპერატორთან იმუშავა იმისთვის, რომ ისინი RCS პროტოკოლის გამოყენებაზე დაეთანხმებინა. აღნიშნული კომპანიების სიაში რამდენიმე ცნობილ სახელსაც იხილავთ, რაც დარწმუნებული ვარ ძალიან გაგახარებთ.
გასათვალისწინებელია, რომ SMS-ის მსგავსად, end-to-end encryption-ს RCS-იც არ იყენებს. ასე რომ, იგი მთლად ისეთი დაცული არაა, როგორც iMessage და Signal-ი. RCS-ის გამოყენების დროს დაიხარჯება მობილური ინტერნეტი და არა ჩვეულებრივი სამესიჯო ტარიფი. თუ მესიჯს ისეთ ტელეფონზე გაგზავნით, რომელიც არ იყენებს RCS-თან თავსებად სამესიჯო აპლიკაციას ან ოპერატორს, პროტოკოლი ისევ SMS-ზე დაბრუნდება.
აგრეთვე ცნობილია, რომ Google-ი სამესიჯო სერვისის ვებ ვერსიაზე მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ RCS-ის გააქტიურების შემდეგ თქვენი მობილურის ნომრით მესიჯობა კომპიუტერიდანაც შეგეძლებათ.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გააქტიურდება Chat/RCS პროტოკოლი, ან როდის მოაღწევს იგი ჩვენს ქვეყანაში. Google-ს იმედი აქვს, რომ წლის ბოლომდე სერვისს ყველა ოპერატორი გააატიურებს.
წყარო: The Verge