Google მილიონი Android აპლიკაციისა და თამაშის Chrome OS-ზე გამოშვებას აპირებს.
სისტემის მომხმარებლებმა Reddit-ზე შენიშნეს ახალი ოფცია, რომელიც პარამეტრებშია დამალული. ფუნქცია სისტემას Google Play Store-დან ძალიან ბევრი აპლიკაციის გადმოწერის საშუალებას აძლევს.
ოფცია პარამეტრების მენიუში ჩანს, თუმცა იგი ამჯერად უფუნქციოა. იგი ჩაშენებულია Chrome OS v51 Dev-ში და მისი აღწერა შემდეგნაირია: “აირჩიეთ მილიონზე მეტი აპლიკაცია და თამაში Google Play-დან თქვენს Chromebook-ზე დასაინსტალებლად.”
იმის გათვალისწინებით, რომ ფუნქციის პირვანდელი სახე უკვე ჩაშენებულია Chrome OS-ში, დიდია ალბათობა იმისა, რომ Google მას ოფიციალურად მალე წარადგენს.
Google I/O-მდე ერთი თვეც არ დარჩა. დიდი შანსია, რომ აღნიშნულ ფუნქციას სწორედ აქ ვიხილავთ.
გასულ შემოდგომაზე Wall Street Journal-მა დაწერა, რომ 2017 წლისთვის Google-ი Android-ისა და Chrome OS-ის გაერთიანებას აპირებს. მიზანი კი არის ერთი იპერაციული სისტემის შექმნა, რომელიც ყველა პლატფორმაზე იმუშავებს, კომპიუტერების ჩათვლით. აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ნაბიჯია როგორც Android-ის, ასევე Chrome OS-ისთვის.
Google-მა Android აპლიკაციების Chrome OS-ზე გაშვების გეგმა პირველად I/O 2014-ზე წარგვიდგინა, რომელსაც “App Runtime for Chrome” ქვია. თუმცა, აღნიშნული პროექტის მხარდაჭერით მხოლოდ რამდენიმე აპლიკაცია შემოიფარგლა. მაგალთდა, Duolingo, Evernote, Sight Words და Vine.
Chrome OS-ის დიზაინი ცოტა ხნის წინ მატერიალურ სტილში გადაკეთდა. მოწყობილობები უდიდესი პოპულალურობით სარგებლობენ სასწავლო მარკეტში, რასაც მისი სიმარტივე და დაბალი ფასი განაპირობებს. ის ფაქტი, რომ Chromebook-ებზე მალე Android აპლიკაციების გაშვება იქნება შესაძლებელი, ზრდის მისი წარმატების პოტენციალს ბაზარზე.