HP-მ $189-იანი Chromebook 11 G5 გამოუშვა

გუშინ HP-მ ახალი Chromebook გამოუშვა, რომელიც ამჯერად ბიუჯეტზეა კონცენტრირებული. აღნიშნული მოწყობილობის ფასი $189-ს შეადგენს და მასზე Android აპლიკაციების გაშვებაა შესაძლებელი. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ლეპტოპის ბატარეა 12.5 საათს გაძლებს. ეს შედეგი, ფასიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ძალიან კარგია. აგრეთვე გამოვიდა მოწყობილობის სენსორულ ეკრანიანი ვარიანტიც, რომლის ფასიც ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მისს ბატარეას 11.5 საათის განმავლობაში შეუძლია მუშაობა.

Google-ი და HP იმედოვნებენ, რომ Android აპლიკაციების დაყენებისა და გაშვების შესაძლებლობა ხალხს გაუქრობს იმ შიშს, რომელიც Chrome OS-ზე გადასვლისას აქვთ ხოლმე. თუ ვებ აპლიკაციები არ მოგწონთ, ან უბრალოდ თქვენთვის საჭირო სერვისს აღნიშნული ფუნქცია არ გააჩნია, დიდია შანსი, რომ მას Android აპლიკაცია მაინც ექნება.

მოწყობილობას აქვს Intel Celeron N3060 პროცესორი. ლეპტოპი მხოლოდ 16 და 32 GB ვარიანტებშია ხელმისაწვდომი. იგი დიდად არ განსხვავდება თავისი წინამორბედი G4-ისგან, თუმცა წინა მოდელს სენსორული ეკრანი არ ქონია.

Chromebook 11 G5-ის გაყიდვები ოქტომბერში დაიწყება.

წყარო: HP