Samsung-ის სმარტფონებზე Bixby-ს ღილაკის გათიშვა უკვე შესაძლებელია

ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ Samsung-ის უახლეს ფლაგმანებს, Galaxy S8/S8+-სა და Note 8-ს საკუთარი ხმოვანი ასისტენტი, Bixby მოყვება. ისიც გეცოდინებათ, რომ აღნიშნული სერვისისთვის ტელეფონის კორპუსის მარცხენა მხარეს სპეციალური ღილაკია გამოყოფილი. დღემდე მისი გამოყენება მხოლოდ Bixby-ს გამოსაძახებლად შეგეძლოთ. სმარტფონების გამოსვლის დღიდან ბევრმა დეველოპერმა სცადა, შეექმნა აპლიკაცია, რომელიც ღილაკის ფუნქციის შეცვლას შეძლებდა. თუმცა, Samsung-მა ყველა მათგანი დაბლოკა.

დღეს კი, კომპანიამ ყველას გასაკვირად გამოუშვა განახლება, რომელიც საშუალებას გაძლევთ გათიშოთ Bixby-ს ღილაკი. ჩემთვის ერთი რამ მაინც უცვლელი რჩება: რატომ არ გვაძლევს Samsung-ი აღნიშნული ღილაკის დანიშნულების შეცვლის საშუალებას? გასაგებია რომ ბევრ ადამიანს (მათ შორის მეც) Bixby არაფერში სჭირდებოდა და შესაძლოა მისი გათიშვა ნდომებოდა, მაგრამ ახლა ხომ ტელეფონზე სრულიად უფუნქციო ღილაკი გექნებათ. რომელი ჯობია: ღილაკი, რომელსაც აქვს ფუნქცია, მაგრამ არ იყენებთ, თუ ღილაკი, რომელსაც არანაირი ფუნქცია აქვს და შესაბამისად ვერც გამოიყენებთ? ეს უკვე თქვენით გადაწყვიტეთ.

ჩემი სუბიექტური აზრით, ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ Samsung-ი Bixby-ს ღილაკის დანიშნულების შეცვლის საშუალებას მოგვცემდა, თუმცა ბევრი ვარაუდობს, რომ აღნიშნული ფუნქცია მომავალში დაემატება განახლების სახით.