ზუსტად 20 წლის წინ, 1998 წლის 27 სექტემბერს ლარი ფეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ დაარსდა მსოფლიოში ყველაზე დიდი საძიებო სისტემა Google-ი. იდეა კი უფრო ადრე, სტენფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით პროექტში, 1996 წლის იანვარში დაიბადა. თავიდან მისი სახელწოდება „BackRub” იყო, მაგრამ შემდგომ სახელი შეუცვალეს და “Googol” უწოდეს, რაც დაკავშირებულია მათემატიკურ ტერმინთან და ნიშნავს რიცხვს 1-ს მოყოლებული ასი ნულით. ალბათ გაინტერესებთ რატომ ქვია დღეს აღნიშნულ საძიებო სისტემას “Google”-ი. ეს ყველაფერი Sun Microsystems-ის დამფუძნებლის ენდი ბეხტოლშეიმის სახელს უკავშირდება, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი ინვესტორი იყო. მან თანხის ინვესტირებისას დაუშვა შეცდომა და სახელწოდება შეცდომით მიუთითა. ჩეკის გასანაღდებლად კი საჭირო გახდა ამ სახელის დატოვება.
მეგობარი გოგონას ავტოფარეხში შექმნილი საძიებო სისტემა თავისი უამრავი სერვისით დღეს ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობაშია. Google-ი ერთ-ერთი გიგანტური კორპორაციაა მსოფილიოში, რომელმაც ინტერნეტ სივრცის გამოყენება კიდევ უფრო გაამარტივა და შემეცნებითი გახადა. დღეს ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია სულ რამდენიმე წამში მოძებნოს ნებისმიერი რამ, იქნება ეს დოკუმენტები, სამეცნიერო ინფორმაცია, სურათები, ვიდეოები თუ სხვა. მის გარეშე კი ინტერნეტ-სივრცე ნამდვილად წარმოუდგენელი იქნებოდა.
მათ კი ვისაც გაინტერესებთ, თუ სად შეიქმნა აღნიშნული კომპანია, იხილეთ ვიდეორგოლი:
Google-მა უამრავი ისეთი პროექტი განახორციელა, რომელმაც ხელი შეუწყო მსოფლიოს ტექნოლოგიურ განვითარებას. დღეს ის მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის განვითარება და მისი ინტეგრირება სერვისებში. Gmail, Youtube, Google Drive, Google Photos, Google Search, ეს იმ სერვისების მცირედი ჩამონათვალია, რომელთაც კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს. აღსანიშნავია ისიც, რომ Google-ს ეკუთვნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საოპერაციო სისტემა Android-ი.
დღეს კი Google-ი 20 წლის გახდა, ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ვიდეორგოლი, რომელშიც ასახულია, თუ რა გააკეთა და შეცვალა კომპანიამ მსოფლიოში ამდენი წლის განმავლობაში. ჩვენი ჯგუფიც უერთდება მსოფლიოს და ულოცავს Google-ს დაბადების დღეს.