ყველა ოპერაციულ სისტემას, რომელსაც Google-ი ფლობს, ერთი საერთო აქვს: ისინი Linux-ის კერნელზეა დაფუძნებული. Chrome OS, Android, Chromecast და ა.შ. Google-ის მოწყობილობების მუშაობას რამდენიმე წელია Linux-ი უზრუნველყოფს.
თუმცა, Linux-ის კერნელი ყველა სიტუაციისთვის ზედგამოჭრილი არ არის. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ საქმე ავტომობილებსა ან GPS მოწყობილობებს ეხება. ასეთ მდგომარეობაში მძიმედ დატვირთული Linux კერნელი მოწყობილობებზე არც თუ ისე სახარბიელოდ მუშაობს.
მიერებეთ “Fuchsia-ს”. როგორც Google-ის GitHub-ის გვერდიდან ვიგებთ, “Pink + Purple == Fuchsia (a new Operating System)” რომელიც ასე ითარგმნება, “ვარდისფერს + იასანმნისფერი == Fuchsia (ახალი საოპერაციო სისტემა). როგორც ხედავთ, აღწერიდან ბევრს ვერაფერს გავიგებთ, თუმცა პროექტის დოკუმენტაციაში მაინც შეგვიძლია რამდენიმე საინტერესო ინფორმაციის პოვნა.
პირველი ის არის, რომ სისტემა იყენებს Magenta კერნელს, რომელიც ‘LittleKernel‘ პროექტზეა დაფუძნებული. Magenta აგრეთვე უზრუნველყოფს ისეთი ოპერაციული სისტემების მუშაობას, როგორებიცაა Linux და Android. Magenta შექმნილია ისეთი ოპერაციული სისტემებისთვის კონკურენციის გასაწევად, როგორებიცაა FreeRTOS ან ThreadX.
თუმცა, Magenta საშუალებაას გვაძლევს, ვამუშაოთ ოპერაციული სისტემა პატარა მოწყობილობებზე, სმარტფონებსა და კომპიუტერებზე. ამისთვის, Magenta აუმჯობესებს LittleKernel-ის ფუძეს, რაც პირველი კლასის მომხმარებლების რეჟიმის მხარდაჭერით ხდება. აგრეთვე აღნიშნულ კერნელს დაახლოებით Android 6.0-ის მაგვარი დაცვა ექნება (აპლიკაციების უფლებების კონტროლი).
კერნელზე საუბარს მოვრჩეთ. როგორია თვითონ ოპერაციული სისტემა? როგორც ჩანს, Google-ი ინტერფეისისთვის Flutter-ს იყენებს, ძირითად პროგრამულ ენად კი Dart-ი აირჩიეს. სისტემა აგრეთვე იყენებს Escher-ს რენდერისთვის, რომელსაც ნათელი დიფუზიის, სუსტი ჩრდილებისა და სხვა ვიზუალური ეფექტების წარმოება შეუძლია. მას აქვს OpenGL-ისა და Vulkan-ის მხარდაჭერა. როგორც უკვე იცით, ჩრდილები და ფერების ცვალებადობა მატერიალური დიზაინის მთავარი ნაწილია. ასე რომ, დიდი ალბათობით Flutter-ი და Escher-ი მატერიალური დიზაინისთვის იქნება.
ცნობილია ისიც, რომ ოპერაციულ სისტემას აქვს როგორც 32-ბიტიანი და 64-ბიტიანი ARM პროცესორების, აგრეთვე 64-ბიტიანი პერსონალური კომპიუტერების მხარდაჭერაც. თუ ამის შესაძლებლობა და გამოცდილება გაქვთ, მისი აწყობა და დაყენება პერსონალურ კომპიუტერსა და ვირტუალურ მანქანაზეც შეგიძლიათ. ტრევის გეისელბრექტმა, Google-ის თანამშრომელმა, აგრეთვე დაადასტურა, რომ სისტემა Raspberry Pi 3-ზეც იქნება ხელმისაწვდომი.
კი მაგრამ, რატომ? რატომ აკეთებს Google-ი ახალ ოპერაციულ სისტემასა და კერნელს, რომელსაც სმარტფონებისა და პერსონალური კომპიუტერების მხარდაჭერა ექნება და მატერიალური დიზაინით იქნება აღჭურვილი? დიდი ალბათობით, Google-ს უნდა, რომ ერთ დღესაც, Fuchsia-მ Chrome OS და Android ჩაანაცვლოს. ვიმედოვნებთ, რომ Google-ი Fuchsia-ს მიმართ ისე იქნება განწყობილი, როგორც Samsung-ია Tizen OS-ის მიმართ. Google-ის მოწყობილობების სია, როგორებიცაა OnHub როუტერი და Google Home, იზრდება. იქნებ, Fuchsia მხოლოდ ასეთი მოწყობილობებისთვისაა გათვლილი?
რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა, რომ ეს უბრალოდ Google-ის ერთ-ერთი ექსპერიმენტია, რომელიც მზის შუქს ვერასოდეს იხილავს. მთლიანი კერნლისა და ოპერაციული სისტემის შექმნა არც თუ ისე ადვილი საქმეა და დიდ დროს საჭიროებს. რა თქმა უნდა, სანამ ჩვენ ვიცდით, Google-ი გააგრძელებს Android-სა და Chrome OS-ზე მუშაობას.
ახლა კი ისღა დაგვრჩენია, რომ მოვიცადოთ.
წყარო: Fuchsia repository, Hacker News