შარშან გამოსული Google Home-ი თავიდანვე საკმაოდ კარგი პროდუქტი იყო, რომელიც შემდგომში სისტემური განახლებების წყალობით კიდევ უფრო დაიხვეწა. ბოლო თვეებია ინტერნეტში დადიოდა ჭორები, რომ კომპანია მისი პატარა ზომის ვერსიის გამოშვებას აპირებდა, რომელიც შედარებით იაფი იქნებოდა. დღეს კი ჩვენ ამ ინფორმაციის დადასტურება და რამდენიმე დეტალის გაზიარება შეგვიძლია.
ახალ მოწყობილობას Google Home Mini ერქმევა და ახალი Daydream View-ს მსგავსად ხის ნახშირის (Charcoal), ნისლისა (Fog) და მარჯნის (Coral) ფერებში გაიყიდება. შეატყობდით, რომ დიზაინის მხრივ Mini საერთოდ არ გავს გასული წლის Google Home-ს. იგი ბევრად უფრო მცირეა და ფორმაც სულ სხვანაირი აქვს. დიდი ალბათობით იგი დენის წყაროდ ბატარეების მაგივრად (რომელსაც Amazon Tap-ი იყენებს) ჩვეულებრივ სადენს გამოიყენებს.
ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოწყობილობა სულ რაღაც $49 ეღირება, რის გამოც იგი Amazon-ის Echo Dot-ის პირდაპირი კონკურენტი გახდება. 4 ოქტომბრიდან Google Home Mini ვებსაიტის ამ გვერდზე განთავსდება.
წყარო: Droid Life