Google-ს შემოთავაზება დეველოპერებისათვის

გუშინ დილით, Apple-მა App Store-დან შემოსავლის მიღების პოლიტიკა დახვეწა. კომპანიის განცხადებით, ისინი სერვისის გამომწერი მომხმარებლებისგან შემოსული შემოსავალს არა 70/30-ზე, არამედ 85/15-ზე გაყოფენ, მას შემდეგ რაც გამომწერი სერვისს 1 წელზე მეტი ხანი გამოიყენებს. ჩვენც ვფიქრობდით, წავიდოდა თუ არა Google-იც იგივე დათმობაზე. ჩვენი ვარაუდი მაშინვე გამართლდა. Recode-ს ცნობით, Google სწორედ იგივეს აკეთებს, თუმცა დეველოპერებისთვის უფრო ხელშემწყობი ფორმით.

კომპანიის ახალი შემოთავაზების წყალობით, დეველოპერები აქაც შემოსავლის 85%-ს მიიღებენ, თუმცა მათ ერთი წელი ლოდინი არ მოუწევთ. ეს ნაგულისხმევი ნორმა იქნება. Recode-ს განცხადებით, Google-ი ამ პირობების რეალობად ქცევისთვის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ბევრ დიდ პარტნიორთან ერთად. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში ნამდვილად არ მიღებულა.

გაითვალისწინეთ, რომ ეს პირობები მხოლოდ სერვისის გამოწერაზე მოქმედებს. აპლიკაციის ჩვეულებრივად ყიდვის პირობები ისევ უცვლელი რჩება. ეს ნაბიჯი უბიძგებს დეველოპერებს, უფრო მეტი გამოსაწერი სერვისი განათავსონ Play Store-ში. ჯერჯერობით უცნობია, როდის ამოქმედდება ეს გეგმა, ამიტომ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ.

წყარო: Recode