HTC U11+ და U11 Life ოფიციალურად გამოვიდა

რამდენიმე დღის წინ HTC-მ ორი ახალი სმარტფონი გამოუშვა. ორივე მათგანის ტექნიკური მახასიათებლები უკვე ცნობილი იყო, თუმცა რა საკვირველია ოფიციალური ინფორმაცია ბევრად უფრო ზუსტი და სანდოა.

U11+

პირველი სმარტფონი ფლაგმანი გახლავთ. როგორც ჩანს, HTC-ც შეეცადა, 2017 წლის ტრენდისთვის ფეხი აეწყო და განახლებული, თანამედროვე დიზაინის მქონე, მცირე ზომის ჩარჩოებიანი მოწყობილობა წარმოგვიდგინა. 18:9 აპსექტური და 82% ეკრანის კორპუსთან შეფარდების მქონე ეკრანი ზომაში 6 დიუმიანია და QHD+ გაფართოება აქვს. იგი აღჭურვილია DCI-P3 ფერების გამითა და HDR10 ტექნოლოგიით. ამ ყველაფერს კი Corning Gorilla Glass 5 იცავს.

სმარტფონში აგრეთვე იხილავთ საკმაოდ დიდი ზომის, 3,930 მილიამპერიან ბატარეას. შედარებისთვის გეტყვით, რომ Pixel 2 XL-სა და Galaxy S8+-ს შეასბამისად 3,520 და 3500 მილიამპერიანი ბატარეები აქვთ.

ტელეფონის უკან ნაცნობ დიზაინს იხილავთ, რადგან HTC-მ ამჯერადაც “თხევადი ზედაპირი” გამოიყენა. რა საკვირველია, სმარტფონი აღჭურვილია უახლესი Snapdragon 835 პროცესორით, 6GB/128GB და 4GB/64GB ოპერატიული და შიდა მეხსიერებით. U11-ის მსგავსად, U11+-სზეც მხოლოდ ერთ 12 მეგაპიქსელიან კამერას შევხვდებით.

აღსანიშნავია, რომ U11 არის პირველი სმარტფონი (რაღა თქმა უნდა Pixel 2/XL-ის გარდა), რომელზეც Android 8.0 Oreo სისტემაა გაშვებული. მასზე “გადაკრულია” HTC-ს მსუბუქი თემა Sense UI. ახალი ფუნქციონალი დაემატა Edge Sense-საც.

HTC U11+-ის დინამიკებში გამოყენებულია სამრტფონებში ყველაზე ხარისხიანი და ხმამაღალი აუდიუ სისტემა, BoomSound-ი, რომელიც 30%-ით უფრო ხმამაღალია, ვიდრე U11. მას აგრეთვე აქვს უკეთესი დინამიური არეალი და ნაკლები დეფორმაცია. USonic ყურსასმენების ჭკვიანი ტექნოლოგიის საშუალებით კი მოსმენის ყველაზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას მიიღებთ. ტელეფონზე 3.5 მილიმეტრიანი ბუდის არარსებობის გამო, ყურსასმენები Type-C პორტს იყენებს. IP68 სერტიფიკატი წყლის მიერ დაცულობას უზრუნველყოფს.

HTC U11+-ის გაყიდვები 20 ნოემბერს დაიწყება და €799 ეღირება. აღსანიშნავია, რომ სმარტფონი შეერთებულ შტატებში არ გაიყიდება.

U11 Life

მეორე კი Android One მოწყობილობა გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სისტემურ განახლებებს 2, უსაფრთხოების განახლებებს კი 3 წლის განმავლობაში მიიღებს. იგი აღჭურვილია ბიუჯეტური Snapdragon 630 პროცესორით, 3/4GB ოპერატიული მეხსიერებით, 5.2 დიუმიანი 1080p ეკრანითა და 2,600 მილიამპერიანი ბატარეით. IP67 სერტიფიკატის წყალობით კი სმარტფონი წყლის დაზიანებისგან დაცული იქნება.

U11 Life-ი Android Nougat-ით გაეშვება, თუმცა იგი Oreo-ს ნოემბერში მიიღებს. მისი ფასი $349-ს შეადგენს და ხელმისაწვდომი იქნება ლურჯსა და შავ ფერებში.