Huawei P Smart-ის მიმოხილვა

გადავწყვიტე, სტატია მარქეზის ცნობილი სიტყვებით დავიწყო: იაფი ტელეფონები სულ უფრო და უფრო კარგი ხდება, კარგი ტელეფონები კი სულ უფრო და უფრო იაფდება. ამ ციტატის მართებულება ბევრმა კომპანიამ დაადასტურა, ახლა კი Huawei-ს ჯერი დადგა. მათი უახლესი საშუალო დონის სმარტფონთან, P Smart-თან ერთი თვე გავატარე და უკვე თავისუფლად შემიძლია გითხრათ მისი დადებითი და უარყოფით მხარეების შესახებ.

დიზაინი

დავიწყებ იმით, რომ მოწყობილობა საკმაოდ ლამაზია, რაც მისი ალუმინის კორპუსისა და პატარა ჩარჩოების დამსახურებაა. ღილაკებს საკმაოდ კარგად ეჭირება, შავი ფერი კი სმარტფონს ელეგანტურ შეხედულებას აძლევს. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ P Smart-ი სულ რაღაც 7.5მმ სისქისაა.

კორპუსის უკან იხილავთ თითის ანაბეჭდის სენსორს, რომელმაც ჩემში აღშფოთება გამოიწვია. ერთ თვიანი სატესტო პერიოდის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა

შემთხვევა, რომ მას ჩემი თითი ვერ ამოეცნო. იგი საკმაოდ სწრაფი და ზუსტია. გავბედავ და ვიტყვი, რომ მისი წარმადობა, ჩემი 2016 წლის Pixel-ისაზე უკეთესია.

თუმცა, ფასიდან გამომდინარე, რა საკვირველია Huawei-ს მაინც მოუწია რამდენიმე დათმობაზე წასვლა. ერთ-ერთი მათგანია microUSB პორტი. დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტი ზოგიერთ თქვენგანს გულს დაწყვეტს, ზოგი კი ვერც მიხვდება თუ რაში მდგომარე

ობს პრობლემა. საქმე იმაშია, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ 2018 წელს გამოსულ სმარტფონს Type-C პორტი ექნებოდა.

აგრეთვე კარგი იქნებოდა, თუ ერთის ნაცვლად Huawei ორ, სახისკენ მიმართულ დინამიკებს გამოიყენებდა. თუმცა, ამაზე მეტად მე მაინც Huawei-ს ლოგო მაღიზიანებს, რომელიც სმარტფონის წინა და უკანა მხარესაა “მიტყეპებული.”

ეკრანი

როგორც უკვე აღვნიშნე, P Smart-ს საკმაოდ პატარა ჩარჩოები აქვს. ეს განპირობებულია მისი 5.65 დიუმიანი 18:9 ეკრანით. 1080×2160 გაფართოების ეკრანი საკმაოდ ბუნებრივ ფერებს წარმოქმნის. ასევე პლიუს ერთი ქულა მინდა დავუწერო Huawei-ს ეკრანის განათების დონისთვის. ექსტრემალური განათების პირობებშიც კი, ეკრანიდან ტექსტის ამოკითხვა თუ ვიდეოს ყურება საერთოდ არაა ძნელი. დიდი ეკრანი ასევე გვეხმარება ორი აპლიკაციის ერთდროულად გახსნაში.

თუმცა, ეკრანის კატეგორიაშიც იხილავთ ერთ მცირედ დათმობას: სამწუხაროდ, Huawei-მ AMOLED-ის ნაცვლად LCD ეკრანის გამოყენება გადაწყვიტა. აქაც ორ აზრად გაიყოფიან მკითხველები: ზოგს საკმაოდ ელამაზება LCD ეკრანი და მისი ნათელი ფერები, რომლებიც პიქსელების დამწვრობას (screen burn) არ აჩენს. ზოგისთვის კი ბატარეასთან და თვალებთან მეგობრული AMOLED-ია უკეთესი. ჩემი სუბიექტური აზრით, AMOLED ეკრანის გამოყენება უფრო ჭკვიანური იქნებოდა, თუმცა, ფასიდან და ხარისხიდან გამომდინარე, არც LCD ეკრანს ვიწუნებ.

კამერა

და აი, მივედით იმ კატეგორიამდე, სადაც Huawei-მ ყველაზე დიდი დათმობა გააკეთა: კამერა. მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონი ორი კამერითაა აღჭურვილი, მათ მაინც გამიცრუეს იმედები. კამერის აპლიკაციის ინტერფეისი ჭედავს, ფოტოებს დეტალიზაცია აკლიათ, ღამით სურათის გადაღება საერთოდ არ ღირს, პორტრეტული რეჟიმი სანახევროდაა გამომცხვარი და ა.შ..

კამერა ყოველთვის ის კომპონენტი იყო, რომელიც ბიუჯეტურ სმარტფონებს სრულყოფილების საშუალებას არ აძლევდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი აზრით სმარტფონს მაინც შეუძლია ჩვენი მკითხველის ნაწილის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. მაგალითად, ისეთი მომხმარებლების, რომლებიც კამერას იშვიათად იყენებენ. ან ისეთების, რომლებიც მხოლოდ Facebook-სა და Instagram-ზე დასადების სელფების გადაღებით შემოიფარგლებიან. დაბლა P Smart-ით გადაღებულ რამდენიმე ფოტოს დავტოვებ, რომლების საშუალებითაც ჩემი კრიტიკიდან უფრო მეტი აზრის გამოტანა შეგეძლებათ*.

სისტემა

Huawei-ს (და სმარტფონების ჩინური მწარმოებლების 99.9%-ის) აქილევსის ქუსლსაც მოვადექით. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა აღჭურვილია რამდენიმე საკმაოდ სასარგებლო და საინტერესო ფუნქციით, იგი ბევრ ენთუზიასტს მაინც იმედებს გაუცრუვებს. Huawei-ს დამძიმებული და “დანაგვიანებული” ინტერფეისი, რომელიც 8.51 გიგაბაიტს (მეხსიერების 1/4-ზე მეტს) იკავებს, ვერსიიდან ვერსიამდე უმჯობესდება, თუმცა სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია.

სუფთა Android-ის მოყვარულის თვალებით დანახული EMUI უბრალოდ მახინჯია. შეცვლილია პარამეტრების აპლიკაცია, სწრაფი ოფციების პანელი, აპლიკაციების სარჩევი, ანიმაციები და სხვა.

თუმცა კი კარგი ამბვი ბოლოსთვის შემოვიტოვე: Huawei P Smart-ზე გაშვებულია Android 8.0 სისტემა, Project Treble-ის მხარდაჭერით. აღნიშნული დეტალი სისტემის სწრაფ განახლებებს უზრუნველყოფს.

სისტემური მახასიათებლები

როგორც უკვე აღვნიშნე, სმარტფონი აღჭურვილია 5.65 დიუმიანი 1080×2160 გაფართოების 18:9 ეკრანით. მისი უკანა კამერების ზომა 13 და 2MP-ია, წინასი კი 8MP. 4GB ოპერატიული მეხსიერებისა და HiSilicon Kirin 659-ს წყალობით არასოდეს შეგექმენებათ პრობლემა დიდი და მომთხოვნადი თამაშების თამაშის დროს. 3000 მილიამპერიანი ბატარეა კი საშუალებას მოგცემთ ყოველთვის ქსელში იყოთ ჩართული.

შეჯამება

საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ Huawei P Smart-ი საკმაოდ კარგ კონკურენციას უწევს სხვა იგივე დონის სმარტფონებს. რომ არა მისი მძიმე სკინი და ცუდი კამერა, იგი თავისუფლად გახდებოდა საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონი. საქართველოში ტელეფონის ფასი 799₾-ს შეადგენს.

 

* Huawei P Smart-ით გადაღებული ფოტო მასალა ეკუთვნის ნიკოლოზ ბაქრაძეს.

მოწყობილობა მოგვაწოდა Huawei Georgia-მ.