დარწმუნებული ვარ ყველას გექნებოდათ ერთხელ მაინც შეხება Huawei-ს სისტემურ ინტერფეისთან, EMUI-სთან. წესით ისიც გეცოდინებათ, რომ იგი MIUI-ზეა დაფუძნებული და იშიფრება როგორც Emotion UI. როგორც ყველა სხვა სკინს Android-ზე, ისევე EMUI-ს ჰყავს თავისი ფანები და მოძულეები. ამ სტატიით შევეცდები აგიხსნათ, როგორ გამოიყურება იგი Android-ის უახლეს სტაბილურ ვერსიაზე, რა უნიკალური ფუნქციები აქვს მას და რითი სჯობია სუფთა Android-ს.
მთავარი ეკრანი
EMUI-ს, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფუნქცია ისაა, რომ მასში თავიდან აპლიკაციების სარჩევი არ ჩანს. ყველა აპლიკაცია მთავარ ეკრანზეა დაყრილი და Huawei ამას “სტანდარტულ” სტილად მიიჩნევს. მადლობა ღმერთს, ამის შეცვლა მარტივად შეგიძლიათ სმარტფონის პარამეტრებიდან. მე, რა საკვირველია, როგორც სუფთა Android-ის ფანი, “სტანდარტულ” სტილს მაინც აპლიკაციების სარჩევს ვამჯობინებ.
აპლიკაციების სარჩევის გააქტიურების შემდეგ კი იხილავთ საკმაოდ ლამაზ, ნახევრად-გამჭვირვალე დაბურულ სიას, რომელსაც მარჯვენა მხარეს ანბანი ართავს. ზედა ნაწილზე იხილავთ შემოთავაზებულ აპლიკაციებსა და საძიებო პანელსაც. ამ უკანასკნელის გამოძახება მთავარ ეკრანზეც შეგიძლიათ, swipe down ჟესტით. მთავარი ეკრანის პარამეტრებში იხილავთ რამდენიმე საინტერესო ოფციასაც.
ახლა კი შევეცდები ჩამოვთვალო ის ფუნქციები, რომლებიც EMUI-ს სუფთა Android-ისგან გამოარჩევს. პირველი გახლავთ App twin. აღნიშნული ფუნქციის საშუალებით მარტივად შეგეძლებათ თქვენი საყვარელი აპლიკაციების ასლების გაკეთება, რაც ერთდროულად ორი ანგარიშის გამოყენებაში დაგეხმარებათ.
ბატარეის ოპტიმიზაცია
შემდეგი არის Ultra power saving mode. ამ რეჟიმს უკიდურეს შემთხვევაში ვააქტიურებ ხოლმე. მაგალითად მაშინ, თუ ტელეფონის 10% ან უფრო ნაკლებ პროცენტზეა. მისი გააქტიურების შემდეგ ტელეფონის ეკრანი შავდება, განათება იკლებს, ითიშება ადგილმდებარეობის სერვისები და გაქვთ მაქსიმუმ 6 აპლიკაციის გამოყენების საშუალება. ამ აპლიკაციებს ეკრძალებათ ფონურ რეჟიმში მუშაობა. დამეთანხმებით, კრიზისულ სიტუაციაში აღნიშნული ფუნქცია საკმაოდ დაგეხმარებათ.
შემდეგი საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო ფუნქცია Smart resolution გახლავთ. სახელიდან გამომდინარე ალბათ მიხვდებოდით, რომ იგი სმარტფონის გაფართოებას ჭკვიანურად ცვლის. ჩემს შემთხვევაში, Huawei P20 Lite-ს ორ გაფართოებას შორის შეუძლია გადართვა. ესენია HD+ (1520×720) და FHD+ (2280×1080). ჭკვიანი გაფართოების გააქტიურების შემდეგ ტელეფონი ავტომატურად შეცვლის თავის გაფართოებას, რაც ასევე ბატარეის დაზოგვისკენაა მიმართული. მაგალითად, მესიჯობის ან ტელეფონზე საუბრის დროს გაფართოება HD+-ზე ჩამოვა. თამაშისა ან ვიდეოს ყურებისას კი რა საკვირველია FHD+-მდე აიწევს.
შემდეგი ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან საჭირო და ჯერჯერობით ჩემი ფავორიტი ფუნქცია აპლიკაციების ავტომატური ჩართვის კონტროლია. ალბათ ყველამ იცის, რომ ტელეფონის ჩართვასთან ერთად ირთვება ძალიან ბევრი სერვისი და აპლიკაცია, რომელთა ჩართვაც სულაც არ არის საჭირო (ეს პრობლემა Google-ს დღემდე გამოსასწორებელი აქვს). EMUI 8.0-ში მარტივი ოფციებით შეგიძლიათ ნებისმიერ მათგანს აუკრძალოთ ტელეფონთან ერთად ჩართვა, რაც:
- დაზოგავს ბატარეას;
- არ იმუშავებს თქვენგან დაუკითხავად;
- გაზრდის ტელეფონის წარმადობას;
- მოგცემთ მეტ უსაფრთხოებას.
როგორც ხედავთ, აღნიშნული ფუნქცია ხელწამოსაკრავი სულაც არაა და ჩემი პირადი ოცნება მისი სუფთა Android-ში ხილვაა.
შემდეგი, ისევ ბატარეის ავტონომიურობის გაუმჯობესებისთვის გამიზნულ ფუნქციას უბრალოდ ოპტიმიზაცია ჰქვია. იგი გაძლევთ რჩევებს, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ბატარეა რაც შეიძლება გონივრულად.
ეკრანის ოპტიმიზაცია
შემდეგი ფუნქციები შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით გააქტიუროთ და შეცვალოთ. პირველი მათგანია Color mode. ცივი და თბილი ფერების რეჟიმის გარდა, შეგიძლიათ თავადაც აირჩიოთ ნებისმიერი ფერი პალიტრიდან, რის შემდეგაც ეკრანის ტემპერატურა შეიცვლება.
Eye comfort-ი ჩვეულებრივი ღამის რეჟიმის ანალოგია. აქ შეგიძლიათ ფერის ტემპერატურისა და ჩართვა-გამორთვის დროის კონტროლიც.
აგრეთვე გვაქვს ე.წ. ნახევარკუნძულის, ანუ Notch-ის დამალვის ფუნქციაც. აღნიშნული დანამატი ჩემი აზრით ყველა იმ სმარტფონს უნდა ჰქონდეს, რომელიც აღნიშნული ნახევარკუნძულით იწონებს თავს (რატომ?…).
თურმე რამდენი კარგი ფუნქცია ჰქონდა EMUI-ს, არა? ჯერ სად ხარ. შემდეგი მეტნაკლებად საჭირო ფუნქცია Storage Cleaner გახლავთ. იგი ამოწმებს ტელეფონს და საშუალებას გაძლევთ წაშალოთ გამოუყენებელი ფაილები, ვიდეოები, ფოტოები, აპლიკაციები და რაღა თქმა უნდა, ქეში. ჩემი აზრით, აღნიშნული ფუნქცია სულაც არაა საჭირო 64GB შიდა მეხსიერების მქონე სმარტფონზე, თუმცა არჩევანი თქვენზეა.
შემდეგი ასევე უსაზღვროდ კომფორტული ფუნქციებია თითის ანაბეჭდის ჟესტები. ისეთი მარტივი ჟესტებით, როგორებიცაა თითის ჩამოსმა, დიდხან დაჭერა, ორჯერ დაჭერა და ა.შ., თქვენ შეგიძლიათ თქვენი ცხოვრება გაიმარტივოთ, პირდაპირი მნიშვნელობით. მე პირადად ყველა მათგანი მაქვს გააქტიურებული და საკმაოდ აქტიურად ვიყენებ მათ.
შემდეგი რამდენიმე უსაფრთხოების ფუნქციას ერთად მიმოვიხილავ. ესენია PrivateSpace, App lock და File Safe. ისინი დაგეხმარებიან საკუთარი, დაცული სივრცის გამოყოფასა და თქვენი ფაილებისა თუ აპლიკაციების უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.
ჟესტები
შემდეგი ასევე ცხოვრების გასაუმჯობესებელი ფუნქციაა One-handed UI. მისი გააქტიურება სანავიგაციო დაფაზე მარჯვნივ ან მარცხნივ გასრიალებითაა შესაძლებელი. ამ დროს ეკრანი პატარავდება და შესაბამის მხარეს გადაინაცვლებს, რაც ტელეფონის ერთი ხელით მოხმარებას უსაზღვროდ კომფორტულს ხდის.
Smart assistance სექციის Motion control კი იხილავთ ძალიან ბევრ საჭირო ჟესტს. მაგალითად, 3 თითის screenshot-ის გადაღება, ტელეფონის ყურზე მიდებით ზარის პასუხს, შემოსული ზარის დროს ტელეფონის აღებისას ხმის დაკლებას და ა.შ.. მოკლედ რომ ვთქვა, მათი გამოყენებით ტელეფონზე ფიზიკური ღილაკების გამოყენება ძალიან იშვიათად დაგჭირდებათ.
დასკვნა
მოწყობილობის პარამეტრებში ცოტა უფრო მეტ დროს თუ გაატარებთ, ზემოთ აღნიშნული ფუნქციების გარდა კიდევ ძალიან, ძალიან ბევრ დანამატს იპოვით. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მათ ნაწილს სუფთა Android-ში. მოკლედ რომ ვთქვათ, EMUI 8.0 არის მეტნაკლებად დახვეწილი სკინი, უსაზღვროდ ბევრი საჭირო და სასარგებლო ფუნქციით.