ალბათ უკვე იცით, რომ Google I/O 2018-ის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი keynote-ის საყურებლად გუშინ გიქები Impact HUB-ში შევიკრიბეთ. ერთად განვიხილეთ Google-ის მიერ წარდგენილი სიახლეები, გავათამაშეთ Daydream View და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვა, საღამომ საკმაოდ ხალისიანად ჩაიარა. რა საკვირველია, დამსწრეთა უმრავლესობამ შენობა გაოცებულმა დატოვა. ახლა კი შევეცდები მოკლედ გადმოვცე ის ყველაფერი, რამაც ჩვენი გაოცება გამოიწვია.
ხელოვნური ინტელექტის მიღწევები
Google-ის გენერალურმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ, პრეზენტაცია ხელოვნური ინტელექტის მიღწევების წარმოჩინებით დაიწყო. პირველი სიახლე, რასაც მომხმარებლები შეამჩნევენ, არის Smart Compose. აღნიშნული ფუნქცია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. იგი Gmail-შია ჩაშენებული და ტექსტის წერას ბევრად უფრო გაგიადვილებთ. Smart Compose-ის გამოყენება თვის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
შემდეგი ახალი ფუნქცია, რაც, ისევ და ისევ, ხელოვნური ინტელექტის დამსახურებაა, გახლავთ Suggested Actions. მისი საშუალებით, შეგეძლებათ Google-ის მიერ შემოთავაზებული ქმედებები ერთი შეხებით ასახოთ თქვენს ფოტოებზე. რა საკვირველია, იგი Google Photos-შია ინტერგრირებული. მას შეუძლია ამოიცნოს თქვენი მეგობრები და შემოგთავაზოთ მათთან ფოტოების გაზიარება. აგრეთვე, შეგეძლებათ დოკუმენტის PDF ხარისხში კონვერტაცია, შავ-თეთრი ფოტოს ავტომატური გაფერადება და ა.შ. აღნიშნული ფუნქცია შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ნელ-ნელა გავრცელდება.
დახვეწილი Google Assistant
სუნდარ პიჩაიმ Google Assistant-ის რამდენიმე ახალი თვისებაც წარმოგვიდგინა. მათ შორის კი ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ასისტენტს უკვე 6 სხვადასხვა ხმით საუბარი შეუძლია. შიგადაშიგ მოისმენს პასუხებს თავად ჯონ ლეჯენდისგან. Google-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ასისტენტის დასახვეწად ახალი WaveNet ტექნოლოგია გამოიყენეს. მისი საშუალებით ასისტენტის ხმა ადამიანის ხმასთან მაქსიმალურად ახლოსაა. DeepMind-ის ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს ხმის ტონალობას, ტემბრს, პაუზებს და სხვა ბუნებრივ ელემენტებს.
შემდეგი ფუნქცია, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანს გაახარებს, არის გაგრძელებადი დიალოგი. რას ნიშნავს ეს? გახსოვთ, როდესაც ყოველი შეკითვის შემდეგ Hey Google-ის თქმა გიწევდათ? ამიერიდან ეს აღარ მოგიწევთ. ასისტენტი უკვე ხვდება, რომ თქვენ გაჩერებას არ აპირებთ და ამ დროს შეგიძლიათ შეუწყვეტლივ გააბათ მასთან დიალოგი. აგრეთვე ასისტენტს უკვე შეუძლია რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება. იგი ნათქვამის კონტექტსს საჭირო ნაწილებად ყოფს და მათ მიხედვით მოქმედებს. მაგალითად, ახლა უკვე შეგიძლია უთხრათ ასისტენტს, რომ აანთოს ფანარი და თან ამინდის პროგნოზი გითხრათ.
შემდეგი ფუნქციას კი “ძალიან გთხოვ” ჰქვია. მისი გააქტიურების შემთხვევაში, ბავშვები თხოვნის გარეშე ასისტენტის დახმარებას ვერ მიიღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ყველა წინადადებაში სიტყვა please-ის გამოყენება მოუწევთ. აღნიშნული ფუნქცია Family Link-ის მეშვეობით იმუშავებს.
ახლა კი დადგა იმ სიახლის ჯერი, რამაც დარბაზში დიდი ოვაცია გამოიწვია. მას Google Duplex ჰქვია. რას ნიშნავს ეს? მოკლედ ვიტყვი: ამიერიდან სატელეფონო ზარებში ასისტენტი თქვენს მაგივრად ისაუბრებს. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ ამ ბმულზე გადახვიდეთ და წაიკითხოთ ყველა დეტალი აღნიშნული ფუნქციის შესახებ. იქვე ნახავთ ხმის ჩანაწერებსა და დემოებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის იქნება იგი ხელმისაწვდომი.
Google Assistant-ი მალე ახალ ჭკვიან ეკრანებზე იქნება ხელმისაწვდომი. JBL-ის, Lenovo-სა და LG-ის მოწყობილობებს ივლისის თვეში ვიხილავთ. Google-მა სადემონსტრაციოდ გვაჩვენა, თუ როგორ მარტივად შეუძლია Lenovo-ს ჭკვიან ეკრანს რეცეპტების მოძიება. მოწყობილობები Android Things OS-ზე მუშაობს და ისინი განახლებებს მინიმუმ 3 წლის განმავლობაში მიიღებენ.
Android P
როგორც იქნა, ღონისძიების მთავარ განსახილველ თემამდეც მოვედით! დეივ ბურკის სცენაზე გამოჩენამ ყველა ჩვენგანის ყურადღება დაძაბა. მისი თქმით, Android-ის ახალი ვერსია კონცენტრირებულია სამ რამეზე: ინტელექტუალობაზე, სიმარტევეზე და ციფრულ კეთილდღეობაზე.
პირველი ყველაზე მარტივად შესამჩნევი ესთეტიკური ცვლილება ჟესტური ნავიგაცია გახლავთ. აღნიშნული ფუნქციის შესახებ ინფორმაციამ დაახლოებით ერთი თვის წინ გაჟონა. აღსანიშნავია, რომ ნავიგაციის ახალი ფორმის ჩართვა ნებაყოფლობითია. ბევრი რომ აღარ ვწერო, მისი ყველა დეტალი შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ გიფში იხილოთ.
DeepMind-ის ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიების გამოყენებით Google-მა სისტემაში Adaptive Battery ფუნქცია ჩააშენა. მისი დახმარებით, საოპერაციო სისტემა ტელეფონის გამოყენების თქვენებურ სტანდარტებს მოერგება. იგი შეუზღუდავს ბატარეის მოხმარებას იმ აპლიკაციებს, რომლებსაც ნაკლებად იყენებთ.
შემდეგი დანამატი კი Adaptive Brightness გახლავთ. სახელი თუ გეცნობათ, დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ფუნქცია Android L-ში დაემტა სისტემას. თუმცა, ახლა უკვე იგი ხელოვნურ ინტელექტს მოიხმარს. Google-ის განცადებით, ფუნქცია თქვენს ჩვევებს სწავლობს. იგი იმახსოვრებს, როგორ განათებას იყენებდით ამა თუ იმ პირობებში. შემდეგ, აღნიშნული პირობების განმეორების დროს, ტელეფონის განათება თქვენთვის სასურველ ნიშნულზე დადგება.
შემდეგი ფუნქციაა App Actions. ისევ და ისევ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, აპლიკაციების სარჩევი ბევრად უფრო ჭკვიანი გახდება. აქამდე Android-ი ისედაც გვთავაზობდა ხოლმე აპლიკაციებს, თუმცა ისინი უფრო ვარაუდზე იყო დაფუძნებული. ახლა კი, აპლიკაციების სარჩევი ნელ-ნელა ჩვენს თვისებებს შეისწავლის. ასევე, იგი შემოგვთავაზებს არა მხოლოდ აპლიკაციას, არამედ კონკრეტულ აქტივობას. მაგალითად, თუ თქვენ ტელეფონში ყურსასმენებს შეაერთებთ, სისტემა Spotify-ში თქვენს საყვარელ playlist-ს შემოგთავაზებთ.
დეველოპერებს კონკრეტული აქტივობების შემოთავაზებისთვის Slices API-ს გამოყენება შეეძლებათ. იგი აპლიკაციიდან რაღაც ნაწილს (ინგ. slice – ნაჭერი) ამოიღებს და მომხმარებელს შესთავაზებს საჭირო დროს.
სტატიაში ერთხელ უკვე ვახსენე ციფრული კეთილდღეობა, ახლა კი ამ თემას უფრო კონკრეტულად მიმოვიხილავ. როგორც Google-მა თქვა, მათი მიზანია შეისწავლონ ჩვენი ჩვევები, დაგვეხმარონ მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრაციაში, მოგვცენ გამოთიშვის საშუალება და გვაპოვნინონ ბალანსი ოჯახში. ამ ყველაფერში კი Dashboard-ი დაგვეხმარება, რომელიც წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი. Dashboard-ის საშუალებით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვაკონტროლოთ ჩვენი აპლიკაციების მოხმარება და სურვილისამებრ შევზღუდოთ ის.
ჩვენი ციფრული კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად აგრეთვე შეგვეძლება გავააქიტიუროთ Wind Down ფუნქცია, რომელიც ღამიდან დილამდე (დაძინებიდან გაღვიძებამდე) ტელეფონს შავ-თეთრს გახდის. იგი დაგვეხმარება ძილის წინ ტელეფონის მარტივად “გადაგდებაში”. სისტემაში აგრეთვე ვიხილავთ Shush ფუნქციას. იგი ავტომატურად გააქტიურებს Do Not Disturb რეჟიმს მაშინ, როცა ტელეფონს ეკრანით ქვემოთ დავდებთ.
და ბოლოს… Android P-ს ბეტა ვერსია უკვე ხელმისაწვდომია 12 სხვადასხვა მოწყობილობაზე! ესენია Google Pixel, Pixel XL, Pixel 2, Pixel 2 XL, OnePlus 6, Essential PH-1, Xiaomi Mi Mix 2S, Sony Xperia XZ2, Nokia 7 Plus, Oppo R15 Pro, Vivo X21 და X21 UD. დიახ, მართალი ხართ, როგორც იქნა Android-ს ეშველა! დიდი ალბათობით, ჩვენს საყვარელ საოპერაციო სისტემაზე ფრაგმენტაციის პრობლემა მალე გაქრება. აღნიშნული მწარმოებლები უკვე მუშაობენ სისტემის დახვეწასა და ოპტიმიზირებაზე. ამაში დიდი წვლილი მიუღძვის აპარატურის მწარმოებელ Qualcomm-საც. Android P-ს ბეტა პროგრამაში ჩართვა შეგიძლიათ ამ ბმულიდან.
ეს გახლდათ Google I/O 2018-ის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეების მოკლე მიმოხილვა. ელოდეთ კიდევ ძალიან ბევრ სტატიას, უფრო სიღრმისეული მიმოხილვით, ანალიზითა და შედარებებით. დროებით!