გილოცავთ: Linux-ის კერნელის სასიცოცხლო ციკლი 6 წლამდე გაიზარდა

18 თვის წინ დავწერე სტატია, რომელიც ხაზს უსვამდა Android-ის ყველა დროის უდიდეს პრობლემას: ფრაგმენტაციას. დღევანდელი მონაცემებით, სმარტფონების სულ რაღაც 15.8%-ზეა გაშვებული სისტემის 7.0-7.1 ვერსია. მას შემდეგ, ვიხილეთ Project Treble, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს მწარმოებლებისთვის განახლების გამოშვების პროცესს. ახლა კი აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება.

გუშინ Linaro Connect 2017-ის პრეზენტაციაზე Project Treble-ის გუნდის ხელმძღვანელმა, ილიან მალჩევმა განაცხადა, რომ Linux-ის კერნელის ხანგრძლივობა 2-იდან 6 წლამდე გაიზრდება. დეველოპერებსაც, ჩვეულებრივ მომხმარებლებსაც და ბლოგერებსაც (მათ შორის მეც) დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ მალე Android მოწყობილობები განახლებებს უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიიღებენ.

ტრადიციულად, მწარმოებლების უმრავლესობა სმარტფონების მომხმარებლებს განახლებებით მაქსიმუმ 2 წლით ანებივრებენ. რა საკვირველია, ყველას არ უნდა ან არ შეუძლია, რომ ძვირადღირებული ფლაგმანი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ გამოცვალოს. აღნიშნული პრობლემა iOS-ის მომხმარებლებს არ აქვთ, რადგან Apple-ი მათ განახლებებს 4 წლის განმავლობაში სთავაზობს. როგორც ჩანს, აღნიშნული საკითხი მალე ჩვენთანაც გამოსწორდება.

განახლების დაგვიანების (ან არ გამოსვლის) რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი არის ის, რომ ამა თუ იმ დრაივერის გამოქვეყნებაზე აპარატურის მწარმოებლები (უმეტეს შემთხვევაში Qualcomm) ითრევენ ფეხს. გასულ წელს მათ განაცხადეს, რომ Snapdragon 800 და 801 ჩიპსეტები არ მიიღებდნენ ნუგას დრაივერებს, რის გამოც ძალიან ბევრი მომხმარებელი და სმარტფონი დაიჩაგრა. აღნიშნული პროცესი Google-მა უკვე გამოასწორა, როცა წლევანდელ I/O-ზე Project Treble წარგვიდგინა. მისი წყალობით, სისტემის ხელშეუხებელ ბირთვში ჩაშენებული დრაივერები უფრო დიდი ხნის განმავლობაში იქნება მხარდაჭერილი.

შემდეგი პრობლემა კი გახლავთ კერნელი, რომელიც ყოველ 2 წელში ძველდება. რეგულარულად მისი განახლებები ყოველ 70 დღეში გამოდის, თუმცა დამეთანხმებით, ამ პერიოდში კერნელის განახლება არც თუ ისე კომფორტულია. ამისთვის შეიქმენა LTS (Long Term Support) კერნელი, რომელიც ყოველ 2 წელში ერთხელ გამოდიოდა. ამიერიდან კი მათ ყოველ 6 წელში ერთხელ ვიხილავთ.

აღნიშნულ ფოტოზე გამოსახულია კერნელის წარმოების პროცესი, რომელიც Android-ის შემქნის დღიდან გამოიყენება: გამოდის LTS Linux კერნელი, Google-ი მას იღებს და “Android Common” კერნელად აქცევს. შემდეგ Qualcomm-ი აიღებს და თავიანთი ჩიპსეტისთვის საჭირო დრაივერებს ჩააშენებს. შემდეგ Samsung-ი მიადგება და თავის სმარტფონში ჩააყენებს. ამ დროისთვის, კერნელის ვარგისიანობის ვადა (2 წელი) უკვე თითქმის ამოწურულია. სანამ ტელეფონი საბოლოოდ გამზადდება და გაყიდვაში გავა, კერნელი “ცოცხლად” მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაითვლება, რაც მომხმარებლისთვის ძალიან ცუდია.

ამიერიდან კი სიტუაცია ასეთი იქნება და მომხმარებელს უამრავი დრო ექნება, თავისი დაცული მოწყობილობით დატკბეს.

რაში გამოგვადგება განახლებული კერნელი?

Google-ი თავისი მოწყობილობებისთვის უსაფრთხოების განახლებებს სულ რაღაც 3 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეფონის შეძენიდან 3 წელში (ან უფრო ნაკლებში) თქვენ მისი შეცვლა მოგიწევთ, თუ რა თქმა უნდა უსაფრთხო და დაცული სისტემის გამოყენება გსურთ. Linux-ის კერნელის ვარგისიანობის ვადის 6 წლამდე გაზრდა კი ამ პრობლემას აღმოფხვრის. Google-ისთვის არც ადვილი იყო და არც კომფორტული, როცა “მკვდარი” კერნელის მქონე სმარტფონზე უსაფრთხოების განახლებების გამოშვება უწევდათ. მისი ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივება კი სმარტფონებისა და აპარატურის მწარმოებლებს საშუალებას აძლევს თავიანთი სისტემის/დრაივერების ხანგრძლივობაც გაზარდონ.

“დიდი იმედი მაქვს, რომ მალე სმარტფონებისთვის განახლებების მიწოდება 4 წლის განმავლობაში შეგვეძლება” – ილიან მალჩევი

Snapdragon 835-ით აღჭურვილ მოწყობილობებზე (ანუ 2017 წელს გამოსული სმარტფონების უმრავლესობა) კერნელის 4.4 ვერსიას იხილავთ, რომელსაც ტრადიციისამებრ 2018 წლის თებერვალში უნდა გასვლოდა ვადა, გუშინდელი სიახლის შემდეგ კი იგი 2022 წლის თებერვლამდე “იცოცხლებს”. არ გამიკვირდება, თუ 4 ოქტომბრის Pixel-ის პრეზენტაციაზე Google-ის წარმომადგენელი გვახარებს, რომ Pixel სერიის მოწყობილობებს 4 წლიანი გარანტირებული სისტემური განახლებების მხარდაჭერა ექნებათ.