Samsung Galaxy Note 8-ის მიმოხილვა

Note სერიების ახალმა წარმომადგენელმა, Note 8-მ, პირველად მზის შუქი 24 აგვისტოს ნიუ იორკში Samsung-ის ღონისძიებაზე იხილა. იგივე კომპანიის ქართულმა წარმომადგენლობამ კი ტელეფონის წარდგენა 8 სექტემბერს გამართა. სმარტფონის პრეზენტაციაზე ქართული ტექნოლოგიური პორტალების წარმომადგენლებიც მიგვიწვიეს.

მოგეხსენებათ, რამხელა ზიანი მიადგა Samsung-ის რეპუტაციას გასულ წელს, როდესაც მათ უახლეს ფლაგმანს ქარხნული წუნი აღმოაჩნდა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ კომპანია ზუსტად ისე მოიქცა, როგორც მომხარებლების ერთგულ მწარმოებელს შეეფერება: მათ მაშინვე დაიბრუნეს ყველა გაყიდული მოწყობილობა და სერიის წარმოება შეაჩერეს. დიდი ხნის განმავლობაში ქარხნებში იკვლევდნენ ამ უბედური შემთხვევის მიზეზს. Note 8-ით კომპანია კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ ისინი თავიანთ შეცდომებზე სწავლობენ და მომხარებლების კეთილდღეობა მათთვის მთავარია.

ეკრანი

ბევრი იტყვის, რომ Note 8 ძალიან გავს S ხაზის სერიების უკანასკნელ წარმომადგენელს, S8-ს, თუმცა რამდენიმე ცვლილების დანახვა მაინცაა შესაძლებელი. პირველი არის ის, რომ Note 8-ს აქვს 6.3 დიუმიანი 18.5:9 თანაფარდობის Super AMOLED ტექნოლოგიის და 1440 x 2960 (QHD) გაფართოების ეკრანი. აღსანიშნავია ისიც, რომ ტელეფონს აქვს HDR-ის მხარდაჭერაც, რომლითაც სულ რამდენიმე სმარტფონი თუ დაიკვეხნის. მისი საშუალებით YouTube-ში, Netflix-სა თუ სხვა აპლიკაციებში ფილმებისა და ვიდეოების ყურება ბევრად უფრო სასიამოვნო გახდება. პირადი მოხმარების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნულ ტელეფონს აქვს ყველაზე მკვეთრი და ლამაზი ეკრანი. მისი გარეთ გამოყენება პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს, რადგან იგი საკმარისად ნათდება იმისთვის, რომ მზემ გამოსახულების აღქმაში ხელი არ შეგიშალოთ.

ალბათ დამეთანხმებით, რომ დიდი ეკრანი multi-tasking-ს ძალიან ამარტივებს. სმარტფონზე თავისუფლად შეგიძლიათ გაუშვათ ორი აპლიკაცია ერთად. აღნიშნულ დავალებას კიდევ უფრო ამარტივებს ფუნქცია app pair, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ იმ ორი აპლიკაციის ერთობლივი მალსახმობი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ. მაგალითად, თუ ხშირად იყენებთ YouTube-ისა და Chrome-ის აპლიკაციას ერთად, მალსახმობის გაკეთების შემდეგ ერთი დაჭერით ორივე აპლიკაცია ჩაირთვება.

კამერა

შემდეგი განმასხვავებელი ნიშანი გახლავთ კამერა, უფრო სწორად, კამერები. კორპუსის უკან იხილავთ ორ 12 მეგაპიქსელიან კამერას. ერთ მათგანს ფართო კუთხოვანი, მეორეს კი ტელეფოტო ლინზა აქვს. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ Note 8 არის პირველი სმარტფონი, რომლის ორივე კამერასაც ოპტიკური სტაბილიზაცია აქვს. ორმაგი ზუმის გარდა, ტელეფოტო ლინზა საშუალებას გვაძლევს გადავიღოთ ფოტოები Life Focus ფუნქციით, რომლის წყალობითაც შესაძლებელია ფონზე ე.წ. blur-ის დადება. აღნიშნული ეფექტის დარეგულირება შეგიძლიათ როგორც გადაღების პროცესში, აგრეთვე მის შემდეგაც. საკმაოდ შთამბეჭდავია ის ფაქტიც, რომ ამ დროს ტელეფონი ფოტოს როგორც ფართო კუთხოვანი, ასევე ტელეფოტო კამერითაც იღებს.

დიზაინი

კამერის გვერდით განთავსებულია LED განათება და გულისცემის სენსორი. მასზე თითის დადებით ტელეფონი ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი გულის ცემის შესახებ. მის მარჯვნივ კი თითის ანაბეჭდის სკანერი გახლავთ. ჩემი ტესტირებიდან გამოვიტანე ის დასკვნა, რომ იგი არც თუ ისე რთული გამოსაყენებელია, როგორიც მეგონა. ალბათ ყველა ფიქრობთ, რომ 6.3 დიუმიანი ეკრანიანი ტელეფონისთვის ზედა მხარეს განთავსებული სენსორი არც თუ ისე კომფორტული ადგილია, თუმცა პირადად მე მისი გამოყენების არანაირი პრობლემა არ მქონია. იგი ასევე საკმაოდ სწრაფია და მასზე შეხებისას ტელეფონი თითქმის მომენტალურად ირთვება.

დაბლითა მხარეს განთავსებულია ერთი დინამიკი, Type-C პორტი და 3.5მმ ჯეკი. თუ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Samsung-ის პროდუქციას თვალს ადევნებთ, დამეთანხმებით, რომ კომპანიას არ უყვარს ექსპერიმენტალური გადაწყვეტილებების მიღება. ჩემი აზრით სწორედ ამიტომაც დატოვეს მათ ყურსასმენების ჯეკი, მიუხედავად იმისა რომ მისი ამოღება 2017 წლის ტრენდად იქცა. დინამიკს საკმაოდ მაღალი და სუფთა ხმა აქვს. იგი დაბლითა მხარის მარჯვენა ნახევარშია განთავსებული, ამიტომ მისი დაფარვის თავიდან აცილება საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ.

არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ტელეფონი აღჭურვილია IP68 სერტიფიკატით, რომელიც მტვრისა და წყლისგან დაცვას უზრუნველყოფს. იგივე სერტიფიკატს მოიხმარს სტაილუსიც, რომელზეც შემდეგ ქვესათაურში ვისაუბრებ.

სტაილუსი

ახლა კი გადმოვედით იმ მთავარ ნიშანზე, რომელიც Note სერიის სმარტფონებს სხვა ყველა მოწყობილობებისგან განასხვავებს. ეს გახლავთ Samsung-ის ექსკლუზიური სტაილუსი, S Pen-ი. თუ ამ სერიის ტელეფონი გამოგიყენებიათ, გეცოდინებათ თუ რამდენად კარგი ფუნქციებითაა იგი აღჭურვილი. რა თქმა უნდა, არც უახლოესი მოდელია გამონაკლისი. პირიქით, მის სატილუსს დაემატა ბევრი ისეთი ფუნქცია, რომელსაც აქამდე ვერ ნახავდით. მაგალითად:

  • Smart Select: გამოიყენება სურათების მოსაჭრელად და ვიდეოებისგან GIF-ების გასაკეთებლად.
  • Live Message: მოკლე, ხელით შექმნილი ანიმირებული GIF-ების დამახსოვრებასა და გასაზიარებლად.
  • Bixby Vision: S Pen-ის სურათზე მითითებით პროდუქტის ინტერნეტში მოსაძიებლად.
  • Translate: S Pen-ის ტექსტზე მითითებით სიტყვებისა და წინადადებების სათარგმნად.
  • Magnify: წვრილი შრიფტის წაკითხვისა და ფოტოების გასადიდებლად.
  • Glance: აპლიკაციის მცურავი ხატულის შესაქმენელად და მასზე თვალის გადასავლებად.
  • Coloring: სხვადასხვა ტიპის ესკიზების გადმოსაწერად, გასაფერადებლად და გასაზიარებლად.

მოკლედ რომ ვთქვათ, S Pen-ი ნამდვილად არ მოგაწყენთ. იგი საკმაოდ ზუსტი და მოსახერხებელია. მისი გამოყენებისას არ მოგიწევთ ერთი და იგივე ადგილას რამდენჯერმე დაჭერა, მასზე დატანილი ღილაკის წვალება და ა.შ.

ტექნიკური მახასიათებლები

საერთოდ არ ვაპირებდი ათასი ისეთი უაზრო ციფრის ჩამოწერას, რომელიც ჩვეულებრივ მომხარებლებს სულაც არ ადარდებთ, მაგრამ ჩვენი ბლოგის მომხმარებლების 90% გიქია, ამიტომ ტექნიკური მახასიათებლების გარეშე მიმოხილვა არ გამოვა. საქართველოში გაყიდული Note 8-ის მეხსიერების საცავი 64GB-ს შეადგენს, თუმცა მისი გაზრდა microSD ბარათის საშუალებით 256GB-მდე ნებისმიერ დროს შეგეძლებათ. ოპერატიული მეხსიერება 6GB-ს ითვლის, რომლის წყალობითაც ტელეფონს არ გაუჭირდება ათობით აპლიკაციის ფონურ რეჟიმში გაშვება. რვა ბირთვიანი Exynos 8895 პროცესორი კი სმარტფონს ინფორმაციის სწრაფ დამუშავებასა და გრაფიკული სამუშაოების შეუფერხებლად შესრულებაში ეხმარება. გეცოდინებათ, რომ ამერიკაში ტელეფონი Snapdragon 835 პროცესორით იყიდება. იმის გათვალისწინებით, რომ Exynos-ის ახალი თაობის პროცესორები არაფრით ჩამოუვარდება Qualcomm-ისას, აღნიშნულ ჩიფსეტებს შორის განსხვავებას საერთოდ ვერ იგრძნობთ. ბატარეის მოცულობა 3,300 მილიამპერამდეა შემცირებული, თუმცა ენერგოეფექტური და რაციონალური ჩიპსეტის წყალობით, ტელეფონი მაინც თავისუფლად ძლებს დატვირთული დღის განმავლობაში.

შეჯამება

მოკლედ რომ ვთქვათ, Galaxy Note 8 არის დახვეწილი დიზაინის, საუკეთესო ეკრანის, გამორჩეული კამერისა და უახლესი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სმარტფონი. ტელეფონის გაყიდვები საქართველოში 6 ოქტომბერს დაიწყება, თუმცა წინასწარი შეკვეთები 8 სექტემბრიდანაა შესაძლებელი. ის, ვინც მოწყობილობას წინასწარ შეუკვეთავს, საჩუქრად მიიღებს Samsung DeX-ს, უსადენო კლავიატურასა და მაუსს. აგრეთვე ისინი ტელეფონს 1 კვირით ადრე, 29 სექტემბერს ჩაიხუტებენ. ერთადერთი მინუსი, რაც Note 8-ს აღმოვუჩინე, არის ის, რომ იგი ახლა ჩემს მფლობელობაში არაა.

 

ფოტო მასალა ეკუთვნის ნიკოლოზ ბაქრაძეს.