OnePlus-ის მოწყობილობებში სახიფათო მოწყვლადობა იქნა აღმოჩენილი

სულ რაღაც ერთი თვის წინ, OnePlus-ი მომხმარებლის ინფორმაციის დაუკითხავად შეგროვებაში გამოიჭირეს. რა საკვირველია, კომპანიას არ აწყობდა, რომ ცუდი სახელი დიდ ხანს შენარჩუნებოდა, რის გამოც პრობლემა მალევე გამოასწორეს. ახლა კი ერთ-ერთმა დეველოპერმა მათ სმარტფონებში ქარხნულად ჩაშენებული აპლიკაცია აღმოაჩინა, რომლის წყალობითაც root-ზე წვდომის მიღებაა შესაძლებელი.

აპლიკაციას “EngineerMode” ჰქვია და როგორც გაირკვა OnePlus-ი მას შიდა კვლევებისთვის იყენებს, რათა დარწმუნდეს, რომ ტელეფონის ყველა ფუნქცია გამართულად მშაობს. აპლიკაცია მოიძებნება OnePlus 3, 3T და 5 მოწყობილობებზე. იგი ასევე ჩაშენებულია OnePlus One-ის OxygenOS-ში, თუმცა CyanogenOS სისტემაში იგი არ მოინახება.

აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია GPS-ის დიაგნოსტიკა, root-ის სტატუსის შემოწმება, ავტომატიზირებული ტესტირების შესრულება და ა.შ.. აპლიკაციის აღმომჩენი დეველოპერის თქმით, აპლიკაციის “DiagMode” activity-ს ჩართვითა და მარტივი პაროლის შეყვანით მოწყობილობის დარუთვაა შესაძლებელი.

მალევე დეველოპერს OnePlus-ის თანადამფუძნებელმა, კარლ პეიმ დაუკომენტარა და უთხრა, რომ შეთხვევის განხილვა უკვე მიმდინარეობს. იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული აპლიკაცია მალე წაიშლება მოწყობილობებიდან.

კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

პ.ს. რაც არ უნდა სასაცილო იყოს, ჰეშის დეშიფრაციის შემდეგ გაირკვა, რომ რუთის მისაღები პაროლი არის angela (ანჟელა). ვინც არ იცით, ანჟელა მოსი პოპულალური სერიალის, Mr. Robot-ის პერსონაჟია.