ერთ-ერთმა გადამყიდველმა, Carphone Warehouse-მა დღეს დილით საიტზე შემთხვევით განათავსა Pixel-ისა და Pixel XL-ის დეტალური ინფორმაცია. ალბათ უკვე მიხვდით, რომ აღნიშნული ინფორმაცია თითქმის ოფიციალური და იგი ჭორებისგან არ შედგება. ხვალამდე შესაძლოა კიდევ რამე შეიცვალოს, მაგრამ სისტემური მახასიათებლების უმეტესობა ზუსტია.
საიტზე მოცემული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ Pixel ხაზის ტელეფონის მომხმარებლებს Google Photos-ზე უსაზღვრო მეხსიერება ექნებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ ატვირთონ ორიგინალი სურათები სრული გაფართოებით, უსაზღვრო რაოდენობით. შესაძლოა, ამ შემოთავაზებას ვადა გაუვიდეს, თუმცა ამის შესახებ საიტზე არაფერია ნახსენები. სურათებში აგრეთვე ნაჩვენებია Google Allo და Duo, სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია USB Type-C სადენის გამოყენებით, Google Assistant-ი და Live Case-ები.
ორივე ტელეფონი აღჭურვილი იქნება Snapdragon 821 პროცესორით 2.15GHz სიხშირეზე, 4GB ოპერატიული და 32/128GB შიდა მეხსიერებით. მათი AMOLED ტექნოლოგიის ეკრანი კი Gorilla Glass 4-ითაა დაცული. Pixel-ის ეკრანის გაფართოება 1080p-ს, Pixel XL-ისა კი 1440p-ს შეადგენს.
Pixel-ის ბატარეა 2770 მილიამპერიანია, რომელიც Nexus 5X-ის 2700 მილიამპერზე სულ ცოტათი უფრო დიდია. Pixel XL-ს კი შედარებით დიდი, 3450 მილიამპერიანი ბატარეა აქვს, რომელიც ზუსტად Nexus 6P-ის მსგავსია. ორივე მოწყობილობაზე Android 7.1 იქნება გაშვებული. აგრეთვე ორივე ტელეფონს აქვს თითის ანაბეჭდის სენსორი, nanoSIM ბარათის სლოტი, 12MP უკანა და 8MP წინა კამერა ოპტიკური სურათის სტაბილიზაციით (OIS).
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საიტზე აგრეთვე აღნიშნულია, რომ ორივე ტელეფონს აქვს microSD ბარათის სლოტი. ჩემი აზრით, Carphone Warehouse-მა შეცდომა დაუშვა. თუმცა, ურიგო არ იქნებოდა ამ დამატებითი ფუნქციის ქონა ტელეფონში.
წყარო: Carphone Warehouse-ის ოფიციალური ვებსაიტი, რომლიდანაც აღნიშნული ინფორმაცია უკვე წაიშალა. არქივი.