ექსკლუზივი: Google-ის ახალი ტელეფონების სახელები Pixel და Pixel XL იქნება

ორმა დამოუკიდებელმა წყარომ ცოტა ხნის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ 2016 წლის Nexus ხაზის სმარტფონებს, რომლებსაც ყველანი ასე ძალიან ველოდით, სულაც არ ერქმევათ Nexus-ები. რატომღაც, Google-მა მათი სახელების შეცვლა გადაწყვიტა.

5 დიუიმიანიტელეფონს, რომელსაც აქამდე Sailfish-ის სახელით ვიცნობდით, Pixel-ი ერქმევა. 5. დიუიმიან Marlin-ს კი Pixel XL-ი. როგორც უკვე იცით, ორივე მოწყობილობას HTC ამზადებს, თუმცა არსებობს ჭორები, რომ მათ HTC-ის სავაჭრო ნიშანი სულაც არ ექნებათ. ისინი გაიყიდება, როგორც Google-ის ტელეფონები.

აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ Google-ი 4 ოქტომბერს გეგმავს ღონისძიების ჩატარებას. ამ ღონისძიებაზე კომპანია წარგვიდგენს Pixel-სა და Pixel XL-ს, 4K Chromecast-სა და ახალ Daydream VR მოწყობილობას. აგრეთვე გავიგებთ დეტალებს Google Home-ის შესახებაც.

როგორც ალბათ უკვე მიხვდით, 4K Chromecast მოწყობილობას 4K ვიდეოს გაშვება შეეძლება. მისი სახელი იქნება ან Chromecast Plus, ან Chromecast Ultra. მე თუ მკითხავთ, მეორე უფრო გონივრული სახელია, რადგან 4K გაფართოება იგივე Ultra HD გაფართოებაა. ვირტუალური რეალობის მოწყობილობის სახელი კი დიდი ალბათობით Daydream View იქნება.

გვაქვს კიდევ ერთი სამწუხარო ამბავიც: Google-მა Project Ara პროექტზე ხელი ჩაიქნია. აღნიშნულ მოწყობილობას ენთუზიასტები უკვე რამდენიმე წელია ელოდებიან. Google-მა მისი გამოშვება ჯერ გადადო. შემდეგ იყო მთელი ორ წლიანი სიჩუმე. წელს კი, Google I/O-ზე მათ გაგვიმხილეს, რომ Project Ara-ს გაყიდვები 2017 წელს დაიწყება. როგორც ჩანს, Google-მა ესეც გადაიფიქრა (ან, იქნებ არ გამოუვიდათ) და მომხმარებლები Ara-ს გარეშე დაგვტოვა.

ისღა დაგვრჩენია, კალენდარზე 4 ოქტომბერი ჩავინიშნოთ და დაველოდოთ, როდის გაგვიმხელს Google-ი დეტალურ ინფორმაციას ამ ყველაფრის შესახებ.