როგორც იქნა, ათობით ჭორის შემდეგ, Google-მა Pixel 2 და Pixel 2 XL-ი ოფიციალურად წარგვიდგინა. გასული წლის მოდელების მსგავსად, წელსაც ვიხილეთ პატარა და შედარებით დიდი ვარიანტები, თუმცა ამჟამად ისინი ერთმანეთისგან უფრო განსხვავდება. წინასწარი შეკვეთის განხორციელება უკვე შესაძლებელია.
სმარტფონები ინარჩუნებენ ორიგინალი Pixel-ის დიზაინის პრინციპებს, თუმცა სიახლეებს მაინც ვხედავთ. Pixel 2 XL-ი აღჭურვილია 6 დიუმიანი OLED ეკრანიც, რომელსაც მომრგვალებული კუთხეები და პატარა ჩარჩოები აქვს. ეკრანის გარჩევადობა 18:9 ასპექტურ ფარდობაზე 2880 x 1440-ს შეადგენს, ანუ მას GS8-ისა და G6-ის მსგავსად დიდი ეკრანი აქვს. იგი იყენებს წრიულ პოლარიზაციას, რაც სათვალის ხმარების დროს ეკრანის ყველა კუთხიდან დანახვის საშუალებას გაძლევთ.
https://www.youtube.com/watch?v=zpLVsR8cSFo
5 დიუმიანი Pixel 2 კი 1080p OLED ეკრანითაა აღჭურვილი, თუმცა მისი ჩარჩოები ბევრად უფრო დიდია. არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ Nexus 6P-ისა და 5X-ის მსგავსად, ორივე Pixel-ს სახისკენ მიმართული ორმაგი სტერეო დინამიკები აქვთ. თითის ანაბეჭდის სკანერი ისევ უკანა მხარეს, შუშის დაბლაა განთავსებული, რომელიც სხვათაშორის ზომაში დაპატარავდა. Google-ის თქმით, ახალი თითის ანაბეჭდის სკანერი ყველა სმარტფონზე სწრაფია.
ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ შარშანდელის მსგავსად, წლევანდელ Pixel-ებსაც საუკეთესო კამერა აქვთ. DxOMark-ის შეფასებაში მათ 98 ქულა აიღეს. 12.2MP გაფართოების ლინზა f/1.8 დიაფრაგმითაა აღჭურვილი. არ უნდა გამოგვრჩეს, რომ კამერის ამ დონემდე დახვეწილობა HDR+-ის დამსახურებაა, რომელიც მანქანური სწავლების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვადასხვა ალგორითმების წყალობით ფოტოებს წამის მეასედში ამუშავებს. Pixel 2/XL-ს ასევე აქვს როგორც ოპტიკური, ასევე ელექტრონული სტაბილიზაცია.
როგორც მოსალოდნელი იყო, სმარტფონებს არ აქვთ ყურსასმენების ჯეკი. ტელეფონს სპეციალური ადაპტერი მოყვება. რა საკვირველია შეგიძლიათ გამოიყენოთ Type-C ყურსასმენებიც, რომლებიც ჯერჯერობით საკმაოდ იშვიათია. სამაგიეროდ, Pixel 2/XL-ი აღჭურვილია Bluetooth 5.0-ითა და Hi-Fi აუდიო ტექნოლოგიით. შარშანდელი Pixel-ების უდიდესი ნაკლი ის იყო, რომ წყალს ვერ უძლებდნენ. წელს კი Pixel 2/XL-ში IP67 სერტიფიკატს ვხვდებით, რომელიც წყლისა და მტვრისგან დაცვას გულისხმობს. HTC-ის მსგავსი მოჭერის ჟესტის (Google-ი მას Active Edge-ს უწოდებს) საშუალებით თქვენ Assistant-ის ჩართვა შეგეძლებათ.
რა საკვირველია, ტელეფონებზე Android Oreo იქნება გაშვებული, თუმცა რამდენიმე ექსკლუზივს მაინც ვიხილავთ. პირველი გახლავთ Google Lens – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ობიექტების ამომცნობი პლატფორმა. მისთვის განკუთვნილ ღილაკს საძიებო პანელსა და ფოტოების აპლიკაციაში იხილავთ. Google-ის განცხადებით, Lens-ი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დაიხვეწება. Pixel-ებზე აგრეთვე ვიხილავთ განახლებულ Pixel Launcher-ს, სადაც ახლა საძიებო პანელი დაბლაა ჩამოტანილი. დადასტურებულია ყველა ის ფუნქციაც, რომლის შესახებაც რამდენიმე დღის წინ დავწერე.
Pixel 2-ის მინიმალური ფასი $649-ს, Pixel 2 XL-ის კი $849-ს შეადგენს. სმარტფონების წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია.
https://www.youtube.com/watch?v=7fngCEEdH-8