ამა წლის იანვრიდან, მას შემდეგ რა გეიმერულმა კომპანია Razer-მა ტელეფონების მწარმოებელი Nextbit შეიძინა, დადიოდა ჭორები, რომ მალე Razer-ის ახალ სმარტფონს ვიხილავდით. მოლოდინები გამართლდა და სულ რამდენიმე დღის წინ Razer Phone-მა მზის შუქი იხილა.
ტელეფონი აღჭურვილია ისეთი ექსკლუზიური ფუნქციებით, როგორებიცაა 120Hz სიხშირის “Ultramotion” ეკრანი, Qualcomm-ის QuickCharge 4+ დამუხტვის სტანდარტი, სახისკენ მიმართული ორმაგი სტერეო დინამიკები და 4,000 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც ფლაგმანებში საკმაოდ იშვიათია. სრული სისტემური მახასიათებლების ნახვა დაბლა შეგიძლიათ.
120 ჰერციანი 1440×2560 გაფართოების IGZO ეკრანი Qualcomm-ის QSync-ს იყენებს, რომელიც Nvidia-ს G-SYNC-ისა და AMD-ს FreeSync ტექნოლოგიის ანალოგიურია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მოწყობილობა გარკვეული მიზეზების (გადატვირთული ოპერატიული მეხსიერება) კადრებს გამოტოვებს (frame drop), ეკრანიც შესაბამისად დაარენდერებს ამ კადრებს, ამიტომაც ლაგებს ვერ შეამჩნევთ.
120 ჰერციანი ეკრანი აგრეთვე საგრძნობლად გააუმჯობესებს მობილური ვირტუალური რეალობის ხარისხს, რომელიც ძალიან ხშირად პრობლემას წარმოადგენდა.
სმარტფონზე სტოკთან ძალიან მიახლოებული Android 7.1.1 Nougat აყენია. კომპანია ორეოს 2018 წლის პირველ კვარტალში შეგვპირდა. მასზე აგრეთვე იხილავთ თანდაყოლილ Nova Launcher-საც. მისი სისტემაში არსებობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ Razer Phone-ი აშკარად ენთუზიასტებისთვისაა შექმნილი.
სხვა ტექნიკურ მახასიათებლებში შედის Snapdragon 835 პროცესორი, 64GB UFS ტექნოლოგიის შიდა მეხსიერება (microSD ბარათის მხარდაჭერით), THX-ის სერტიფიცირებული DAC-ი (გარე ადაპტერით, რადგან სმარტფონს 3.5მმ ბუდე არ გააჩნია) და ორი ცალი 12MP კამერა. ალბათ თქვენითაც მიხვდებით, რომ კამერა ნადმვილად არ გახლავთ ამ სმარტფონის ძლიერი მხარე, თუმცა სანამ მის დეტალურ მიმოხილვას არ ვნახავთ, ვერაფერს ვიტყვით.
Razer Phone-ის გაყიდვები 17 ნოემბერს დაიწყება და $699 ეღირება.