ალბათ ბევრი გიქი დამეთანხმება იმაში, რომ Android Oreo-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია Project Treble-ია. იგი Google-მა წარმოგვიდგინა, როგორც ფრაგმენტაციის აღმოფხვრის გზა და დრომ გვიჩვენა, რომ მეთოდი საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.
შესავალი
Android-ის შექმნის დღიდან, სისტემის ახალ ვერსიაზე განახლების პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობდა:
- AOSP-ს რელიზი: Google-ი აქვეყნებდა ოპერაციული სისტემის კოდს;
- აპარატურული თავსებადობის დამატება: აპარატურის მწარმოებელი კომპანიები (Qualcomm, Samsung, MediaTek და ა.შ.) აიღებდნენ კოდს და ამატებდნენ დრაივერებს, რათა მათი კომპონენტები სრულიად მხარდაჭერილი ყოფილიყო;
- სმარტფონების მწარმოებლების მოდიფიკაცია: დრაივერებით გატენილი კოდი იგზავნებოდა სმარტფონების მწარმოებლებთან (Sony, Samsung, HTC, LG და ა.შ.), რომლებიც შემდეგ საკუთარ სკინებსა და უნიკალურ ფუნქციებს ამატებდნენ;
- ტესტირების ფაზა: მწარმოებლები ტესტავდნენ სისტემას, ოპერატორები ამატებდნენ თავიანთი ქსელების მხარდაჭერას;
- ახალი ვერსიის რელიზი: საბოლოოდ განახლება იგზავნებოდა სერვერებზე, მომხმარებლებს უკვე შეეძლოთ მათი დაინსტალება და გამოყენება.
თქვენითაც მიხვდებოდით, რომ აღნიშნულ პროცესს ძალიან, ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ Google-ს არ შეეძლო ეკონტროლებინა ცალკეული მწარმოებლების განახლების გეგმები. თუმცა, დიდ ხნიანი ტესტირების შემდეგ, კომპანიამ გამოსავალს მიაგნო და წარმოგვიდგინა Project Treble.
რა არის Project Treble?
Android Oreo-ში გუგლმა წარმოგვიდგინა ვენდორის ინტერფეისი. აღნიშნული ცვლილებით მათ გაამარტივეს ოპერაციული სისტემის განახლების პროცესი. 8.0-ის შემდეგ, Android-ი ორ ნაწილად გაიყო. ერთ ნაწილზე პასუხისმგებელი აპარატურის მწარმოებლები არიან, მეორეზე კი – სმარტფონის მწარმოებლები. ამგვარად, Samsung-სა თუ სხვა კომპანიებს, მიეცათ საშუალება, დაეწყოთ სისტემაში ცვლილებების შეტანა AOSP-ს რელიზის თანავე. მეორეს მხრივ, აპარატურის მწარმოებლების მიმართ დაწესდა სანქციები: ისინი ვალდებულები არიან, შექმნან დრაივერები, რომლებიც მინიმუმ 5 წელი უპრობლემოდ იმუშავებს. გახსოვთ, როდესაც Nexus 6-მა Android 7.0 ვერ მიიღო მხოლოდ იმის გამო, რომ Qualcomm-ს დრაივერების განახლება და Vulkan Graphics API-სა და GLES 3.1-ის მხარდაჭერის ჩაშენება დაეზარა? სწორედ მსგავსი პრობლემების აღმოფხვრას ემსახურება Project Treble-ი.
მოკლედ რომ ვთქვათ, Google-მა მოახერხა და Android საოპერაციო სისტემა ორად გამიჯნა, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდა განახლების პროცესის გამარტივება და საკმაოდ დიდი დროის მოგება. ამიერიდან Qualcomm-ი ვეღარ დაიძვრენს თავს და ვერ იტყვის, რომ უახლეს პროცესორს “არ აქვს იმდენი ძალა, რომ Android-ის უახლეს ვერიას გაუმკლავდეს”.
Project Treble-ის საშუალებით ასევე Android-ის ისტორიაში პირველად მოგვეცა დრაივერების სიტემურად განახლების საშუალება. აღსანიშნავია, რომ Android სისტემის გამიჯვნის ვერსია პირველად 2 წლის წინ, Android N-ის რელიზის დროს გაჟღერდა. აგრეთვე გირჩევთ გადახედოთ სტატიას Linux-ის კერნელის სასიცოცხლო ციკლის 6 წლამდე გახანგრძლივების შესახებ, რომელიც კიდევ უფრო ხელს უწყობს Project Treble-ის ეფექტურობას.
Project Treble-ი გააქტიურებულია ყველა იმ მოწყობილობაზე, რომელიც Android 8.0 ან უფრო ახალი ვერსიით გამოვიდა. აგრეთვე რამდენიმე სმარტფონმა იგი 7.0-იდან განახლების შემდეგაც კი მიიღო.
Project Treble-ის შედეგები
როგორც უკვე იცით, ჩვენს საყვარელ საოპერაციო სისტემას საკმაოდ ბევრი ენთუზიასტი და მოხალისე დეველოპერი ჰყავს. რა საკვირველია, ისინი შეეცადნენ, მწარმოებლისგან დამოუკიდებლათ, საკუთარი შესაძლებლობებით დაეპორტირებინათ Project Treble-ი შედარებით ნაკლებად მხარდაჭერილ ტელეფონებზე. შედეგად, იგი არაოფიციალურად ხელმისაწვდომია Xiaomi Redmi Note 4-სა და კიდევ რამდენიმე სხვა სმარტფონზე.
აგრეთვე, Android სმარტფონები მალე პერსონალურ კომპიუტერებს დაემსგავსება. მოგეხსენებათ, BIOS ინფრასტრუქტურის გამო, Windows-ის ერთი იმიჯის დაყენება ვირტუალურად ნებისმიერ კომპიუტერზე შეგვიძლია. სწორედ იგივე ცვლილებები მოხდა Android-შიც: მალე შეგეძლებათ, შეხვიდეთ Google-ის საიტზე, გადმოწეროთ სუფთა (stock/AOSP) Android-ის იმიჯი და დააყენოთ ნებისმიერ ტელეფონზე.
რამდენიმე კომპანიამ პატივი დაგვდო და მიუხედავად იმისა, რომ ეს სავალდებულო არ იყო, მათ რამდენიმე ტელეფონზე მაინც დაამატეს Project Treble-ის მხარდაჭერა. აქ კი გაგიკვირდებათ და Huawei ლიდერობს. როგორც მოსალოდნელი იყო, Samsung-ი და LG საერთოდ არ იწუხებენ თავს, OnePlus-ი კი უაზრო ზღაპრებს გვიყვება.
როგორ გავიგო, აქვს თუ არა ჩემს ტელეფონს Project Treble-ის მხარდაჭერა?
ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს. პირველ რიგში, თუ ჩვენი ტელეფონი Android 8.0-ით ან უფრო მაღალი ვერსიით გაეშვა, მაშინ მას 99.9% შემთხვევაში აქვს Project Treble-ის მხარდაჭერა.
თუმცა, თუ არ გქონდათ ყუთიდანვე ორეოს დაგემოვნების ფუფუნება, ან მაინც გინდათ დარწმუნდეთ Project Treble-ის არსებობაში, მაშინ გადმოწერეთ აპლიკაცია Treble Check ან შეასრულეთ ორი მარტივი ბრძანება ტერმინალში: adb shell და getprop ro.treble.enabled.
მაქსიმალურად შევეცადე, სტატია რაც შეიძლება გასაგები ენით დამეწერა, რათა ნაკლებად გამოცდილ მკითხველებსაც გაეგოთ Project Treble-ის მნიშვნელობის შესახებ. მომიტევეთ, თუ მიზანს ვერ მივაღწიე.